ვადაჭკორია (ქალიშვილობის გვარი – ხ ი მ შ ი ა შ ვ ი ლ ი) დოდო ალექსანდრეს ასული (დ. 15.VI. 1923, ქუთაისი), მწერალი და მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1946). იყო სსრკ მწერალთა კავშირის საბავშვო და ახალგაზრდული ლიტ-რის სექციის ბიუროს წევრი (1972), საკავშირო საბავშვო და მხატვრ. ლიტ-რის საბჭოს წევრი (1985). პირველი მოთხრობა „ჭრელი ხელთათმანები” 1950 გამოაქვეყნა, პირველი კრებ. „უცნაური დედობილი” – 1959. აღსანიშნავია მისი კრებულები: „თეთრი კენჭი” (1962), „გაზაფხული, მზე და სიყვარული” (1962), „ტატო, ქუდი და ქარი” (1966), „გოლიათი კაკალი” (1969); „ბროლის ციგა” (1972), „ჩემი სოფელი” (1973), „ერთი კალთა სიყვარული” (1978), „კენკრა ტკბილია” (1978), „ვარსკვლავები საჩუქრად” (1984), „ბასარა და ტარაბისო” (1988). 2000 გამოიცა ვ-ს რჩეული „ვინ მივა პირველი საქართველოში”, 2005 – მოთხრობების კრებ. „დედის ლოცვა”, ხოლო 2014 – წიგნი „ყოჩივარდები”. თარგმნა ვ. მედვედევის, ბ. კამოვისა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინული და შვედური ზღაპრები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუს. ენაზე. არის შიო მღვიმელის სახ. პრემიის ლაურეატი (1986). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999).