ვადაჭკორია ნოდარ კონდრატეს ძე (დ. 27.II.1930, თბილისი), არქიტექტორი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1955). მუშაობდა თბილ. სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში. 1988 არჩეულ იქნა „საკკურორტპროექტის” საქართვ. ფილიალის დირექტორად (1996-იდან – შპს „კურორტპროექტი”). მონაწილეობდა სანატორიუმ „იმერეთის” (წყალტუბო) დაპროექტებაში (1958). ძირითადი ნამუშევრები: სასტუმრო დაბა ფასანაურში (1958, ზ. თავართქილაძესთან ერთად); მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი ბიჭვინთაში (1963); პანსიონატები წყნეთში (1964, ყველა ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად); პანსიონატი „სინოპი” სოხუმში (1965); დასასვენებელი სახლი „ჰორიზონტი” ქობულეთში (1978, მ. ლიპარტელიანსა და მ. ჩხენკელთან ერთად); სასტუმრო „ამირანი” თბილისში (1986, ლ. კარკუსოვასა და მ. მარგველაშვილთან ერთად); საკასაციო სასამართლო თბილისში (2006, რ. ბაკურაძესთან ერთად) და სხვ. საერთაშ. გამოფენებზე იყო აგრეთვე საქართვ. პავილიონების ავტორი გფრ-ში (1972), თურქეთში (1973), ბულგარეთში (1974), საფრანგეთში (1975, ყველა რ. კიკნაძესა და შ. ყავლაშვილთან ერთად), მოსკოვში (1977, ო. ლითანიშვილთან ერთად). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002).
ს. კინწურაშვილი