ვადბოლსკი მიხეილ ნიკოლოზის ძე

ვადბოლსკი მიხეილ ნიკოლოზის ძე (20. II. 1899, ვარშავა, – 19. V. 1990, თბილისი), საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1981), ჰერალდიკის სპეციალისტი, ჭადრაკის ისტ. მკვლევარი. მხატვრობა შეისწავლა სანქტ-პეტერბურგში, სადაც ბავშვობა გაატარა. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში მოხალისედ ავსტრიელების წინააღმდეგ. 1920 სამოქალაქო ომის დროს ასევე მოხალისედ იბრძოდა დას. ფრონტზე. რუს. სამოქალაქო ომმა მთელი მისი ოჯახი შეიწირა, რის შემდეგაც, 1924, ვ. თბილისში დასახლდა. მუშაობა დაიწყო მხატვარ-გამფორმებლად. მოღვაწეობდა პოლიტ. სატირისა და აგიტაციის დარგში. ამავე პერიოდში შექმნა ისტ. პირთა პორტრეტები, ქართ. ისტ. საგვარეულოთა გერბები, დროშები, მოიძია ფულისა და ქართ. ტანსაცმლის ნიმუშები. ამასთანავე სწავლობდა საჭადრაკო თეორიებს საქართველოში, აღმოსავლეთისა და დას. ევროპის ქვეყნებში, იკვლევდა საკითხს „ჭადრაკი საქართველოში” და სტატიების სახით აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში. II მსოფლიო ომის დროს ვ. დაუბრუნდა პროპაგანდის თემას და ხელმძღვანელობდა თბილ. წითელი არმიის სახლის სატირის ფანჯარას. ვ-მ ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართ. გერბების შექმნის ისტორიას. იგი არის ქართ. ჰერალდიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ვ-ს წიგნი ჰერალდიკის შესახებ გამოიცა სხვადასხვა სახელწოდებით: „ქართული ჰერალდიკის ალბომი” (1947), „ძველი ქართული ჰერალდიკა და ხეთო-ივერო - ქართველური სიმბოლიკა” (1970), „მასალები ძველი ქართული სიმბოლიკის და ჰერალდიკის საკითხისათვის” (1970), „ქართული ჰერალდიკური სიმბოლიკა” (1980). 2010 საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწ. საბჭომ გამოსცა წიგნი ვ-ის შესახებ: „მიხეილ ვადბოლსკი და ქართული ჰერალდიკა”.