ვაზი

ვაზი, მხვიარა მცენარე, მიეკუთვნება ვაზისებრთა (Vitaceae) ბოტან. ოჯახში შემავალ (Vitis L.) გვარს, რ-შიც გაერთიანებულია ვ-ის ყველა კულტ. სახეობა (70-მდე); ადამიანი იყენებს ევრ. სახეობას (V. Vinifera L.). ის შეიცავს ველურ (V. Silvestris) და კულტ. ((V. Sativa) ფორმებს. მათ შორისაა ვაზის ქართული ჯიშები, რ-ებიც შავი და კასპიის ზღვის აუზის ჯგუფებშია გაერთიანებული, ეკუთვნის ევრაზიულ სახეობას. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი  ვ-ის კულტურა უძველესი დროიდანაა ცნობილი. მისი მოშენება დაიწყეს ენეოლითის ხანაში (ძვ. წ. VI–IV ათასწლ.). ბიოლ. და სამეურნეო თვლსაზრისით ძვირფასი მცენარეა, მსხმოიარობს დარგვიდან მეორე-მესამე წელს, ადვილად ეგუება სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმ. პირობებს, კარგად ფესვიანდება. გამოირჩევა გვალვა და ყინვაამტანობით. იძლევა მინერ. მარილებით, ვიტამინებით და ორგ. მჟავებით მდიდარ მაღალკალორიულ პროდუქციას. არსებობს ყურძნით (ამპელო) და ღვინით (ენოთერაპია) მკურნალობის მეთოდი. ვაზი 50–60 წელი მსხმოიარობს. მისი ნაწილებია: ფესვი, შტამბი, მხარი და ტოტი (მრავალწლიანი ნაწილი), რქა, ყლორტი, კვირტი, ფოთოლი, პწკალი, ყვავილედი, მტევანი, მარცვალი, წიპწა. ვ. შეიძლება იყოს შტამბიანი და უშტამბო, დაბალ ან მაღალშტამბიანი. მცენარის შტამბზე, ტოტზე და მხრებზე განლაგებულია რქები, რ-ებზეც ფოთოლთა ყუნწების იღლიაში მოთავსებულია კვირტი. ის შედგება მთავარი და შემცვლელი კვირტებისაგან. მრავალწლიან ნაწილებზე ვითარდება მძინარე კვირტი, მისგან განვითარებული ყლორტი უმეტესად უმოსავლოა. ზაფხულში ყლორტზე ვითარდება დამატებითი ყლორტი ანუ ნამხარი; პწკალი (ულვაში) ვ-ის საყრდენზე დასამაგრებელი საშუალებაა, რ-იც ყლორტის მესამე-მეხუთე მუხლიდან ვითარდება. ფოთოლი მწვანეა, მოწითალო ან მოყვითალო ელფერით; მომრგვალო, ოვალური ან გულისებრი, დანაკვთულია სხვადასხვა სიღრმეზე, ზოგჯერ დაუნაკვთავი, ნაპირებზე სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის ხერხისებრი კბილები დაჰყვება. ჯიშის მიხედვით ფოთოლი შეიძლება იყოს შებუსული ან შეუბუსავი; ყვავილები შეკრებილია ყვავილედად. ვ-ის ყვავილი ორსქესიანი ან ცალსქესიანია (მდედრობითი, მამრობითი). მტევანი სხვადასხვა ზომისა და სიკუმსისაა. ფორმის მხრივ შეიძლება იყოს ცილინდრული, კონუსური, ცილინდრულ-კონუსური, უფორმო, განტოტვილი, ფრთიანი ან მხრიანი. მარცვალი სხვადასხვა ფორმისაა: მრგვალი, მომრგვალო, ოვალური, გრძელი, სხვადასხვა კონსისტენციის რბილობით (წვნიანი, მეტად წვნიანი, ხორციანი, მეტად ხორციანი – ხრაშუნა), აქვს სასიამოვნო ტკბილი გემო, ზოგჯერ სპეციფ. მუსკატისებრი ან იზაბელასებრი არომატით. მარცვალში 1–4 წიპწაა, რ-იც მოყავისფროა, აქვს ნისკარტი, ქალაძა და მუცლის ღარები. ვ-ს წლიური განვითარების ციკლში აქვს პასიური და აქტ. პერიოდები. პასიური პერიოდი იწყება ფოთლის გაცვენით და მთავრდება ადრე გაზაფხულზე (მცენარეში წვენის მოძრაობის დაწყებისას). აქტ. პერიოდი იწყება ვ-ის ტირილით (წვენის მოძრაობით) და მთავრდება შემოდგომაზე ფოთოლცვენით. აქტ. პერიოდი შედგება 6 ბიოლ. ფაზისაგან: ვ-ის ტირილი, კვირტების გამოფურჩქნა და ყლორტების განვითარება, ყვავილობა; მარცვლების ზრდა-განვითარება, სიმწიფე შეთვალებიდან სრულ სიმწიფემდე, ფოთოლცვენა. კლიმ. პირობების მიხედვით ტირილი შეიძლება გაგრძელდეს 20–22 დღეს. კვირტის გამოფურჩქნა იწყება მაშინ, როცა ჰაერის დღეღამური საშ. ტემპ-რა 10–12°C მიაღწევს (მარტის ბოლო, აპრილის დასაწყისი). ვ-ის გამოფურჩქნაზე გავლენას ახდენს პოლარულობა, ნიადაგსა და მცენარეში არსებული ტენის მარაგი, ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა და ტემპერატურა. ეს პროცესი 45–55 დღეს გრძელდება. ვ-ის ყვავილობა 15°C ტემპ-რის პირობებში იწყება და 25–30°C-ზე (მაისის ბოლო – ივნისის დასაწყისი) ძლიერდება. მისი ხანგრძლივობა 10–12 დღეა. გამოხორბლილი მარცვლის ზრდასთან ერთად მასში უხვად გროვდება ორგ. მჟავები და კანი ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს იღებს. ყურძენი ტექ. სიმწიფეშია თუ მასში შაქრიანობა მიაღწევს 18–22%, ხოლო მჟავიანობა 5–9 გ/დმ³-მდეა. ვ-ის ჯიშისა და ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მისი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 150–260 დღეს გრძელდება. მოქმედ ბუნებრივ ფაქტორთაგან აღსანიშნავია ტემპ-რა, ტენი, სინათლე, ჰაერი, გეოგრ. განედი, სიმაღლე ზ. დ-იდან, ნაკვეთის ექსპოზიცია, ნიადაგი და ქარი. ვ. – 15°-მდე ყინვას იტანს, ზოგიერთი კი – 30°C-საც უძლებს (იზაბელა, ამურის ვ.); ქართ. ვ-ის ჯიშები ყინვებისადმი მგრძნობიარეა. ვ. მრავლდება ვეგეტატიურად: რქით, კვირტით, გადაწიდვნით, მყნობით. თესლით ანუ წიპწით გამრავლება გამოიყენება მხოლოდ სელექციური მიზნებისათვის – ახ. ჯიშების მისაღებად. ვ-ს ამყნობენ ხელით, სამყნობი დანით ან მანქანით. პირველადი შეხორცების შემდეგ ნამყენს რგავენ სანერგეში, სადაც სათანადო მოვლის შედეგად მიიღებენ ერთწლიან ნერგს. დარგვის პირველ წლებში უტარებენ მოვლის კომპლ. აგროღონისძიებებს. საქართველოში ვ. ზ. დ. 1200 მ-მდეა გავრცელებული, სამრეწვ. ნარგავები კი 800 მ-მდე. დიდი ყურადღება ექცევა ვ-ის დაცვას მავნებლებისა და დაავადებებისაგან. მცენარის უმთავრესი მავნებლებია: ფილოქსერა, ყურძნის ჭია, ტკიპები, ამიერკავკ. მარმარა ღრაჭა და სხვ.; დაავადებებია: ჭრაქი, ნაცარი, ყურძნის სიდამპლეები, ფესვის სიდამპლე, ანთრაქნოზი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები და სხვ.

ლიტ.: კ ე ც ხ ო ვ ე ლ ი  ნ., რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  მ., ტ ა ბ ი ძ ე  დ., საქართველოს ამპელოგრაფია, თბ., 1960; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  მ., ამპელოგრაფია, თბ., 1970.

მ. რამიშვილი

ნ. ჩხარტიშვილი