ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი თ ბ ი ლ ი ს ი ს ა (თეუსუ), დაარსდა 1992 წლის 19 მარტს როგორც თბილისის კომერციის ინსტიტუტი, 1995 წ. 13 მარტიდან გახდა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი (2001 წ. 25 ივნისიდან მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი), 2005 წ. 25 აგვისტოდან – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ). უნ-ტის ძირითადი მიზანია ბიზნესისა და მართვის, სამართლისა და ჰუმანიტარული დარგების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. ამ მიზნის მისაღწევად უნ-ტი ნერგავს ინოვაციებს. შემოღებულია თანამედროვე, საბაზრო ეკონ. მოთხოვნათა შესაბამისი ახ. სპეციალობები, შესაბამისად, გარდაიქმნა სასწ. გეგმები, რ-ებიც მოდულის პრინციპით არის აგებული; თითოეული საგანმან. პროგრამის, დისციპლინის სრულფასოვანი გააზრებისა და ათვისებისათვის შემუშავდა კურიკულუმები, სილაბუსები. სასწ. პროცესის შეფასების სისტემა სრულად პასუხობს ევრ. კრედიტების სატრანსფერო სისტემის მოთხოვნებს. თეუსუ-ში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწ. და თვითდაფინანსების ფორმები. უნ-ტში სამსაფეხურიანი სწავლებაა: ბაკალავრიატში სწავლის სტანდარტული ვადაა 4 წელი მაგისტრატურაში – 2 წელი (120 ECTS კრედიტი), ხოლო დოქტურანტურაში – 3 წელი. თეუსუ-ში ფუნქციონირებს სამი ფაკ-ტი: ბიზნესისა და მართვის, სამართლის, ჰუმანიტარულ-სოც. მეცნიერებათა (ქ. ქუთაისში). თბილისში ფუნქციონირებს 12 კათედრა და პროგრამული მიმართულება: კერძო სამართლის; საჯარო სამართლის; ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის; ეკონ. თეორიის საფუძვლების; ტურიზმის ბიზნესის; მენეჯმენტისა და მარკეტინგის ქართ. და ევრ. ენების მიმართულებები; საზ. მეცნიერებათა და ინფორმატიკის კათედრები. ქუთაისის ჰუმანიტარულ-სოც. მეცნიერებათა ფაკ-ტზე მოქმედებს სამი პროგრამული მიმართულება: საზ. მეცნიერებათა, სამართლისა და ეკონ. მიმართულებები. თელეთში (თბილისის მახლობლად) მოქმედებს თეუსუ-ის სამეცნ.-კვლ. ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს: ტურიზმის ლაბორატორია, სამართლის კლინიკა და სასწავლო ბანკი. ქ. რუსთავში მოქმედებს თეუსუ-ის მენეჯმენტისა და მარკეტინგის პროგრამული მიმართულება. თეუსუ-ს გააჩნია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ინფორმატიკის ლაბორატორიები. 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდა 1900 სტუდენტი, მ.შ.: I საფეხურზე (ბაკალავრიატი) – 1575; II საფეხურზე (მაგისტრატურა) – 258; III საფეხურზე (დოქტორანტურა) – 68. თეუსუ-ში ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა საკათედრო, საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციები. წარმატებით მუშაობენ სტუდენტთა სამეცნ. საბჭოები. 2011 წლის 1 თებერვლისათვის თეუსუ-ში მოღვაწეობდა 72 პროფესორი (მ.შ. 31 სრული, 10 ასოცირებული და 11 ასისტენტ-პროფესორი). ბ-კის წიგნადი ფონდი შედგებოდა 2010 წ. 1 თებერვლისთვის 29,59 ათ. ერთეულისგან (მ. შ. 20,135 ათ. სახელმძღვანელო). თეუსუ-ს გააჩნია საკუთარი სტამბა (2009-იდან). 2006 ნოემბრიდან კი გამოდის ყოველკვარტალური საერთაშ. რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნ. ჟურნ. „კომერსანტი" (გამოსულია 8 ნომერი). ჰუმანიტარულ-სოც. მეცნიერებათა ფაკ-ტი 2006 წლიდან გამოსცემს სამეცნ. შრომების კრებულს (დაბეჭდილია 7 ნომერი). თეუსუ თანამშრომლობს საქართვ. უმაღლეს სასწავლებლებთან, სამეცნ.-კვლ. და სხვა ინსტიტუციებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის სასწ. და სამეცნ. ცენტრებთან მ. შ.: ინჰოლანდის უნ-ტთან (ნიდერლანდები), პრაღის უნ-ტთან (ჩეხეთი), პირეის უნ-ტთან (საბერძნეთი). ინჰოლანდის უნ-ტთან თეუსუ-ის თანამშრომლობა ინტენსიურად მიმდინარეობს სამი მიმართულებით: ცენტრ. და აღმ. ევრ. ტრანსფორმაციის პროგრამა; „მეწარმეობა საზღვრებს გარეშე" – სტუდენტური გაცვლითი პროექტის მეორე ეტაპის პერსპექტივები; სამეცნ. თანამშრომლობა. 2006-იდან თეუსუ-ში ფუნქციონირებს დოქტორანტურა. მოქმედებს სამეცნ.-მეთოდური სემინარი, სადაც განიხილება ეკონომიკის, ისტორიის, სამართლისა და სხვა აქტუალური საკითხები. თეუსუ-ს აქვს აკრედიტაცია. მისი დამაარსებელი და პირველი რექტორი იყო პროფ. გ. თავართქილაძე (1992 წ. 19 მარტიდან – 2007 წ. 15 იანვრამდე). 2007 წ. 15 იანვრიდან თეუსუ-ის რექტორია პროფ. ა. ჩუთლაშვილი.

ბ. ალადაშვილი

ა. ჩუთლაშვილი