ვაზის სამყნობი მანქანების კომპლექსი, მანქანების კომპლექსი, რომელიც ახორციელებს ვაზის მყნობის ტექნოლოგიურ პროცესს. შედგება რამდენიმე მანქანისაგან. თითოეული მათგანი ასრულებს ვაზის მყნობის ტექნოლ. პროცესის რომელიმე ოპერაციას. ვაზის საძირე ლერწიდან კვირტების საჭრელი მანქანით კვირტებს აჭრიან მყნობამდე, რათა დარგვის შემდეგ მათგან ყლორტები არ განვი-თარდეს. მანქანას აქვს ელექტროამძრავი და შედგება კვირტების ასაჭრელი და ლერწის გასატანი ძირითადი კვანძებისაგან. ლერწის მიწოდების შემდეგ კვირტების აჭრა და დამუშავებული ლერწის დალაგება ავტომატურად ხდება. მისი მწარმოებლურობა ხელით შრომასთან შედარებით 8-ჯერ მეტია. ემსახურება ერთი კაცი. ვაზის საძირე და სანამყენე ლერწის დასაჭრელ-დასაყალიბებელი მანქანა საძირე და სანამყენე ლერწებს ჭრის საჭირო ზომაზე, დიამეტრის მიხედვით აყალიბებს და ფრაქციებად ანაწილებს ყუთებში. ლერწის მიწოდების შემდეგ მანქანა ყველა ოპერაციას ავტომატურად ასრულებს. მანქანის ჩარჩოზე დაყენებულია 2 ცალი ლერწის დასაჭრელ-დასაყალიბებელი კვანძი, რ-ებიც მუშაობს ხან ერთდროულად, ხან ცალ-ცალკე (საჭიროების მიხედვით). მანქანას ამუშავებს ელექტროძრავა, სანამყენე ლერწის დაჭრისას მისი მწარმოებლურობა ცვლაში 40 000 ცალია, ხოლო საძირე ლერწის დაჭრისას – 24 000 ცალი; ემსახურება ორი კაცი. ვაზის სამყნობი მანქანა ვაზს ამყნობს ირიბული კოპულაციის წესით. მყნობის ყველა ოპერაცია (გარდა მასალის მიწოდებისა) ავტომატიზებულია. მანქანა შედგება: ა) ჩარჩოზე დაყენებული მჭრელი ტიპის ბრტყელი დანებისაგან, რ-ებიც საჭრელ ზედაპირზე სრიალით მოძრაობს და სამყნობ კალმებს სწორად და სუფთად ჭრის; ბ) სამყნობი კალმების დასამაგრებელი, სანამყენეს საძირესთან ავტომატურად შესაერთებელი, მუშა ორგანოს ჩასართავი და ავტომატურად გამოსართავი კვანძებისაგან. მანქანას ამუშავებს ელექტროძრავა. მწარმოებლურობა – საათში 550 ცალი ნამყენი. ემსახურება ერთი კაცი. ვაზის ნამყენის შესახვევი მანქანა ნამყენის ჭრილობის ადგილს 25 მმ სიგრძეზე ორფენად შემოახვევს ძაფს, რაც ნერგის გამოსავლიანობას 6–8%-ით ზრდის. მწარმოებლურობა – ცვლაში 3000 ნამყენი. ემსახურება ერთი კაცი. ვაზის ნამყენის პაკეტური დასაპარაფინებელი მოწყობილობა შედგება ნამყენით სავსე ყუთის დასამაგრებელი, ყუთის 1800-ით მოსაბრუნებელი და თხევად პარაფინში ჩასაშვები კვანძებისგან. მოწყობილობაში შედის აგრეთვე ორმაგკედლიანი სპეც. ჭურჭელი ელექტროსახურებლითურთ, რ-იც მყარ პარაფინს ადნობს. თხევადი პარაფინის ტემპ-რა ოპტიმალურ დონეზე ავტომატურად რეგულირდება. ხელით დაპარაფინებასთან შედარებით მოწყობილობა შრომის ნაყოფიერებას 40-ჯერ ზრდის. ემსახურება ერთი კაცი. ვ. ს. მ. კ. შეიქმნა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. კომპლექსის ავტორები არიან გ. ი. პაპავა და ვ. გ. პაპავა (საქართვ. სახელმწ. პრემია, 1977).
ლიტ.: პ ა პ ა ვ ა გ., ვაზის მყნობის მექანიზაცია, თბ., 1960.
ვ. პაპავა