ეკონომიქსი, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საბაზრო სისტემაში, შეზღუდული რესურსების პირობებში, საზოგადოების მზარდ მოთხოვნილებათა მაქსიმალური დაკმაყოფილების გზებსა და საშუალებებს. იგი საბაზრო ეკონომიკის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი და მასზე ორიენტირებული თეორიაა. ე. ეკონომიკური თეორიის კვლევის შედარებით ახ. სფეროა. იგი წარმოიშვა და განვითარდა საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების კვალდაკვალ, განსაკუთრებული ეკონ. დისციპლინის სახით კი ფართოდ გავრცელდა XX ს. II ნახ-იდან. ე., მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ეყრდნობა იმ კანონზომიერებებს, რ-ებსაც ეკონ. თეორია ადგენს, გარკვეულწილად მისგან განსხვავებულ ხედვასაც ემყარება. ე. ეკონ. პროცესებისა და მოვლენების ანალიზისას მხოლოდ შეზღუდული რესურსებით იფარგლება. მისი ლაიტმოტივია ამ რესურსების საბაზრო ეკონომიკაში ეფექტიანად გამოყენების გზების ძიება და ალტერნატიული ვარიანტებიდან ოპტიმალური არჩევანის გაკეთება. ეკონ. თეორიის საგანი კი გაცილებით ფართოა. იგი ყველა ფუნქციური და დარგობრივი ეკონ. მეცნიერების საფუძველთა საფუძველი და მეთოდოლ. ბაზაა. ეკონ. თეორია სწავლობს საზ-ბის ეკონ. განვითარების კანონზომიერებებსა და თავისებურებებს, იკვლევს სხვადასხვა ეკონ. სისტემაში არსებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეკონ. მოვლენებსა და პროცესებს შორის, რის საფუძველზეც განსაზღვრავს საზ-ბის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს, აყალიბებს ეკონ. მსოფლმხედველობას, რასაც ვერ ვიტყვით ე-ზე. ე-ის მიზანი არ არის კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე საზოგადოების ეკონ. განვითარების კვლევა. იგი არ არის ერთიანი სისტემა, მხოლოდ ამ სისტემის ნაწილი და საბაზრო ეკონომიკაში ფუნქციური კავშირების შემსწავლელი მეცნიერებაა. ე. კმაყოფილდება ეკონ. ცხოვრების ზოგადი ანალიზით. იგი ეკონ. თეორიისაგან განსხვავებით არ იკვლევს ეკონ. მოვლენების სიღრმისეულ არსს და საზოგადოების სოც. მდგომარეობის მიზეზებს. ე-ში წინა პლანზეა წამოწეული პრაგმატული მიზნები, ეკონ. თეორიაში კი – თ ე ო რ ი უ ლ- მ ე თ ო დ ო ლ ო გ ი უ რ ი . ე. მეტწილად რაოდენობრივი ანალიზია, ეკონ. თეორია კი – თვისებრივი. ეკონ. მოვლენებისა და პროცესების ახსნაში მათ. მოდელების გამოყენება „წმინდა" თეორიისგან დამოუკიდებლად ნაკლებად ასახავს რეალობას. ე. ფართოდ იყენებს ეკონომეტრიკულ ანალიზს, ეკონ. თეორია კი ორიენტირებულია შემეცნებაზე, ეკონ. მოვლენების სიღრმისეული არსის გამოვლენაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაზე, მაშინ, როდესაც ე. მთავარ მიზნად ისახავს ეკონომიკის მართვისათვის პრაქტ. რეკომენდაციების შემუშავებას. ე. ეკონომიკური სინამდვილის ცალკეული ფრაგმენტებისა და მათი შესაბამისი თეორიების ერთობლიობაა. იგი ფრაგმენტებისგან ქმნის ეკონომიკის მთლიან სურათს, ეკონ. თეორიამ კი, პირიქით მთლიანობის ადეკვატური სურათის მეშვეობით უნდა ასახოს ეკონ. სინამდვილის ესა თუ ის ფრაგმენტი. ე. წარმოების განვითარების საკითხებს დანახარჯებისა და შედეგების თანაფარდობის და სარგებლიანობის კუთხით განიხილავს; იგი მიზნად არ ისახავს ეკონ. სისტემის ღრმა მეცნიერულ ანალიზს და ძირითადად შეისწავლის ერთი ეკონ. სისტემის სამეურნეო მექანიზმს. ეკონ. თეორიის კვლევის ერთ-ერთი მეთოდი კი ეკონ. სისტემების შედარებითი ანალიზია. ე. საკუთრებას განიხილავს, როგორც ადამიანის დამოკიდებულებას ნივთისადმი. ეკონ. თეორია კი არკვევს ეკონ. მოვლენის ისტ. წინაპირობებს, მისი წარმოშობის მიზეზსა და შედეგს, გვეხმარება ტენდენციების დადგენაში და გვიჩვენებს ეკონ. განვითარების მიმართულებას. ამიტომაცაა, რომ ეკონ. თეორიისა და ე-ის კვლევის საგნები ერთმანეთს კვეთს და გარკვეულწილად ემთხვევა კიდეც, ოღონდ შესწავლის კუთხე აქვთ სხვადასხვაგვარი. ე-ის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო 1948 აშშში გამოსცა პოლ სამუელსონმა. ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი რევ. ცვლილებების ასასახავად, ახალი ეკონ. მოვლენების ასახსნელად. ე-ის ფართოდ გავრცელებასა და განვითარებას ხელი შეუწყო XX ს. 60–70-იანი წლებიდან მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ეკონ. პროცესების ცვლილებამ, ინტენსივობამ და მასშტაბურობამ. XX ს. ბოლო ათწლეულში სწრაფად განვითარებულმა მოვლენებმა და პროცესებმა – მსოფლიო სოციალ. სისტემის დაშლამ, მრავალი ქვეყნის (მ. შ. საქართველოს) მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ და განვითარების ახალ გზაზე დადგომამ მოითხოვა ეკონ. მეცნიერების წინაშე ახ. პრობლემების თეორიული გააზრება-გაანალიზების აუცილებლობა. ამ თვისებრივად ახალი პრობლემების გადაჭრა კლასიკური სქემის ფარგლებს სცილდება. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობამ სავსებით კანონზომიერად მოითხოვა უმაღლეს სასწავლებლებში ე-ის სასწავლო კურსის შემოღება, რასაც მოჰყვა როგორც უცხოური სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნა, ისე ქართ. შესაბამისი ლიტ-რის გამოცემა. სახელდობრ, კ. ღურწკაიამ თარგმნა და გამოსცა: პ. სამუელსონისა და ვ. ნორდჰაუსის „ეკონომიკა" (XV გამოცემა); კ. მაკ-კონელისა და ს. ბრიუს „ეკონომიკსი" (XI გამოცემა); ს. ფიშერის, რ. დორნბუშის, რ. შმალენზის „ეკონომიკა" (II გამოცემა). გამოქვეყნდა მრავალი სახელმძღვანელო და სპეც. ეკონომიკური ლიტ-რა, რ-თა შორის აღსანიშნავია: „ეკონომიკსი", შემდგენელი პ. ლეიაშვილი (თბ., 2003); მ. გველესიანი, „ეკონომიკსი. ლექციების მოკლე კურსი" (თბ., 2000); რ. შ. ასათიანი, „ეკონომიქსი. განმარტებითი ლექსიკონი". I, II, III გამოცემა (თბ., 1996, 2003, 2006); ა. სილაგაძე, ჯ. კახნიაშვილი, ე. მექვაბიშვილი, „მიკროეკონომიქსი" (თბ., 2006); რ. შ. ასათიანი, „ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება" (თბ., 2005).
რ. ასათიანი