ვაიო

ვაიო, სოფელი ქედის მუნიციპალიტეტის ზვარის თემში (აჭარის არ), მდ. აჭარისწყლის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 380 მ, ქედიდან 6 კმ. 505 მცხ. (2002). ვ. აჭარისწყლის ხეობაში გამავალ დიდ სატრანზიტო გზაზე მდებარეობდა. ინტენს. ცხოვრება ამ სოფელში შუა საუკუნეებშიც გრძელდებოდა. კარგახანს იგი ქვემო ხევის ადმ. ცენტრი უნდა ყოფილიყო (გვიანდ. შუა საუკუნეებიდან კი ამ ფუნქციას დაბა ქედა ასრულებს). XVI ს. 70-იანი წლების ბოლოს მთელ აჭარასთან ერთად ვ-ც ოსმალთა იმპერიაში მოექცა. აჭარის გათავისუფლებისათვის მიმდინარე შემდეგდროინდელი ბრძოლების დროს იგი აჭარისწყლის ხეობასთან ერთად პერიოდულად უბრუნდებოდა დედასამშობლოს, მაგრამ მტერი კვლავ ახერხებდა მის დაკავებას. 1878 წელს ვ. საბოლოოდ განთავისუფლდა. ხალხი სოფლის სახელწოდებას – „ვაიოს” ოსმალთა ბატონობის ავბედით ხანას უკავშირებს. იხ. აგრეთვე ვაიოს არქეოლოგიური ძეგლები.

ი. სიხარულიძე