ვაიოს არქეოლოგიური ძეგლები, ძვ. წ. II ათასწლ. დასასრულის – I ათასწლ. დასაწყისის გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ძეგლი. აღმოჩენილია 1992–93 სოფ. ვაიოში (ქედის მუნიციპალიტეტი), ადგილ ნაასლარზე (მდ. აჭარისწყლის მარცხ. სანაპირო). გზის ჭრილში ნაპოვნია კანელურებით შემკული დოქი, ბრინჯაოს სასაფეთქლე ხვიები (4 ც.), რგოლი და მოზრდილი ზომის მძივსაკიდი; გამოვლენილია კულტ. ფენა, სადაც ბათქაშისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები იყო. არსებული მასალის მიხედვით სავარაუდოა სამოსახლოსა და სამაროვნის არსებობა. სოფ. ვაიოში არის სპილენძის საბადოები. სავარაუდოდ, აქ მზადდებოდა დასაკრძალავი რიტუალისათვის საჭირო ნივთები.
ლიტ.: კ ა ხ ი ძ ე ა., ახალი არქეოლოგიური მონაპოვრები სოფ. ვაიოდან, გაზ. «აჭარა», 1994, 30 აპრ.
ა. კახიძე