ვაკელი (ნამდვ. გვარი – მეგრელიძე) იონა ლუკას ძე (10 (23). XI. 1900, სოფ. ვაკე, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, - 11. IV. 1988, თბილისი), პოეტი, დრამატურგი. 1920 დაამთავრა შ. ნუცუბიძის განათლების კურსები თბილისში. იყო ლიტ. დაჯგუფება „პროლეტარული მწერლობის” ერთ-ერთი მესვეური. მუშაობდა გაზ. „მუშაში”, ხელმძღვანელობდა ჟურნ. „ჩი-რაღდანს”. 1945-იდან წლების განმავლობაში უძღვებოდა საქართვ. მწერალთა კავშირის დრამის სექციას. თავდაპირველად ლექსებს აქვეყნებდა ი. მეგრელიძის ხელმოწერით, ხოლო 1920-იდან – ი. ვაკელის ფსევდონიმით. პირველი ლექსი „გურია” 1918 გამოაქვეყნა ჟურნ. „მხედარში”. ამის შემდეგ მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1922 გამოვიდა ვ-ის ლექსების პირველი კრებ. „შარავანდედი”, მომდევნო წლებში – ლექსების რამდენიმე კრებული, მ. შ. „რჩეული” (1958). ვ. ავტორია პოემებისა: „ევროპა” (1924), „მეწისქვილე” (1926), „შირაქიანი”, „ზელიმხანი” (1927), „არსენა ჯორჯიაშვილი” (1930); პიესებისა: „აპრაკუნე ჭიმჭიმელი” [1933, კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრი, 1934; 25 წლის შემდეგ გადაამუშავა და უწოდა „აპრაკუნე” („საქმის კაცი”), ცალკე წიგნად გამოვიდა 1969], „შამილი” (1934; კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრი, 1935), „გიორგი სააკაძე” (1939; თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრი; პრემია საკავშ. კონკურსში, 1941; ცალკე წიგნად გამოვიდა 1947, 1957), „რვალი” (1952; რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრი; ცალკე წიგნად გამოვიდა 1953), „შური” (1938; კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრი; ცალკე წიგნად – 1956), „ხელაშვილების ოჯახი” (იგივე „ახალი აზნაურები”, 1962; ქუთ. თეატრი; ცალკე წიგნად – 1963) და სხვ. თარგმნა პ. ბ. შელის, ჰ. ჰაინეს, ი. ვ. გოეთეს, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვისა და სხვათა თხზულებანი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუს. ენაზე.
თხზ.: რჩეული, თბ., 1958; თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1975–77; ტრაგედიები, თბ., 1960; პიესები, თბ., 1969; ქართული მელოდიები. ლექსები და პოემა, თბ., 1971; მე შემართება მიყვარს ქართუ-ლი, თბ., 1983; რა ცოტა გვყოფნის, თბ., 1987.
რ. კვერენჩხილაძე