ვალაშკერტის საეპისკოპოსო

ვალაშკერტის საეპისკოპოსო, ქალკედონური საეპისკოპოსო ისტორიული სომხეთის ბაგრევანდის ოლქის ცენტრში. ესაზღვრებოდა ბასიანის მხარეს. ეპარქიის შექმნა უკავშირდება სომეხი ქალკედონიტი ეპისკოპოსის – ნერსეს III-ის მოღვაწეობას (641–661), რ-მაც ვალაშკერტში ღვთისმშობლის ეკლესია ააგო. სავარაუდოდ, X ს. დამლევიდან იგი სხვა სომხ. მიწებთან ერთად დავით კურაპალატის სამეფოს ექვემდებარებოდა. ეს მხარე ბიზანტ. იმპერატორმა სიცოცხლის ვადით უბოძა ქართველთა მეფეს. XI ს. დასაწყისისათვის ვალაშკერტის მწყემსმთავრობა ზაქარია ბანელმა შეითავსა, რის გამოც ვალაშკერტიც ბანის ეპარქიაში უნდა შესულიყო და მცხეთის კათოლიკოსს დაქვემდებარებოდა. ამ დროიდან სომხურთან ერთად აქ ქართველი მრევლიცაა საგულებელი. როგორც ჩანს, ერთიანი საქართველოს დაშლის (XV ს.) შემდეგაც ვ. ს. ისევ ქართლის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა. ვ. ს. მოხსენიებულია XV ს. ბოლოს შედგენილ სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სიაში, სადაც განსაზღვრულია ეპარქიის საზღვრები და მისი ადგილი საეკლ. იერარქიაში: „ვალაშკერტელის სამწყსო ყაღზევანს ზეითი, ვალაშკერტის აქათ ხინუსი და დევაბონის აქეთი... ამ ეპისკოპოსებთ მაკურთხეველი და უფროსი ქართლის კათალიკოზია: ამის ხელთ არის ყველა”.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  ე., ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; А р у т ю н о в а - Ф и д а н я н  В. А., Армяне–халкидониты на восточных границах Византийской империи (ХII в.), Ер., 1980.

გ. მაისურაძე