ვალდზეემიულერი

ვალდზეემიულერი (Waldseemüller, აგრეთვე Waltzemüller, ლათ. Hylacomilus) მარტინ (1470, რადოლფსცელი, – 16. III. 1520, სენტ-დიე, ლოთარინგია), გერმანელი კარტოგრაფი. ვ-მა 1507 გერმ. კარტოგრაფ მათიას რინგმანთან ერთად გამოსცა ნაშრომი „კოსმოგრაფიის შესავალი” («Cosmogra phiae Intro ductio»»). ავტორებმა წამოაყენეს წინადადება, ახლად აღმოჩენილი კონტინენტისათვის, ამერიგო ვესპუჩის სახელის მიხედვით, ეწოდებინათ „ამერიკა”. ვ-მა ტერმინი „ამერიკა” პირველმა დაიტანა რუკაზე 1507. ვ-ის 1516 დათარიღებულ მსოფლიოს მეორე რუკაზე მნიშვნელოვანი მასალაა წარმოდგენილი საქართველოს შესახებ. შავ და კასპიის ზღვებს შორის დატანილი მცირე ჯვრები ქვეყნების ქრისტიანობაზე უნდა მიანიშნებდეს. საქართველოდ მოაზრებული ტერიტ. რუკაზე აზოვის და კასპიის ზღვების ზედა კიდეებამდე მიდის. Colchidis (კოლხიდა) ამ შემთხვევაში უნდა აღნიშნავდეს სამეგრელოს, Iberia (იბერია) აქ, სავარაუდოდ, არის იმერეთის სამეფო, Georgia (გეორგია) ალბათ – ქართლ-კახეთის სამეფო. 1513–18 ქართლ-კახეთის სამეფო, მცირე ხნით, მართლაც ერთიანი იყო. არ არის გამორიცხული, ვ-ს ეს ინფორმაცია ჰქონოდა. აღმ. საქართველოს სამეფოში ვხედავთ ქალაქ თბილისს (Triphelis), რ-ის აღსანიშნავად მოცემულია ეკლესიის ან ქალაქის გამოსახულება. იქვე გამოხატულია საქართვ. მეფე გვირგვინით, სამეფო ტანსაცმლით და კვერთხით. რაკი ამ დროს ქართლ-კახეთის მეფეა დავით X, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვ-ის რუკა გვთავაზობს ქართლ-კახეთის მეფის, დავით X-ის გამოსახულებას. თბილ. სამხრ-ით დატანილი ტბა, რ-იც აღმ. საქართველოს სამეფოშია, წესით სევანი უნდა იყოს, თუმცა ავტორი შესაძლოა სევანის ტბას ვანის ტბასთან აიგივებდეს. ამ ტბიდან დას-ით გამოედინება ევფრატი, აღმ-ით კი – მტკვრისა და არაქსის ერთგვარი მთლიანობა, რ-იც შემდეგ კასპიის ზღვაში ჩადის. ტბის სამხრ-ით მდებარე მთებზე მოჩანს პატარა ზომის ნოეს კიდობანი. რუკის მიხედვით, აღმ. საქართველოს სამეფოს ტერიტ. შავიზღვისპირა რეგიონებსაც მოიცავს.

ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე  ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII –XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.

ა. თვარაძე