ვალეს ნამარხი ფლორა, ფლორა, რომელიც განამარხებულია ახალციხის დეპრესიის ცენტრ. ნაწილში, ქ. ვალესთან, სარმატული ასაკის ტუფოგენურ ნალექებში, რ-იც გოდერძის ვულკანოგენური წყების ქვედა ნაწილს შეესაბამება. ვალედან სამხრ-ით, მდ. ფოცხოვისწყლის მარცხ. ნაპირზე, ფლორის ნაშთების შემცველი, 20–35 მ სისქის შრეები საკმაოდ მაღალ კარნიზს ქმნის. მასალა ძირითადად წარმოდგენილია ნამარხი მცენარეების ფოთლების კარგად დაცული ანაბეჭდებით. აქ 60-ზე მეტი სახეობიდან უმეტესად ორლებნიანი ხეების და ბუჩქების ნაშთებია, მათ შორის თანაბარი რაოდენობითაა მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ფორმები. ფლორის დიდი ნაწილი თბილი და შედარებით მშრალი ჰავისთვის დამახასიათებელი ლანცეტისებრი ფორმის ფოთლების მქონე სახეობებია, რ-თაგან უმეტესობა გადაშენებულია. მათი თანამედროვე ანალოგები გვხვდება სამხრ.-აღმ. აზიაში, ჩრდ. და ცენტრ. ამერიკაში, კანარის კ-ებზე, ხმელთაშუა ზღვის ოლქში, ცენტრ. ევროპასა და ამიერკავკასიაში.
ი. რამიშვილი