ვალფიში (Walfisch) არნოლდ ზელმანის ძე (2. VII. 1892, ვარშავა, – 29. V. 1962, თბილისი), მათემატიკოსი. მათ. დოქტორი (1921, გეტინგენი), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1947, დისერტაციის დაუცველად), პროფესორი (1948). სწავლობდა მიუნხენის, ბერლინის, ჰაიდელბერგის, გეტინგენის უნ-ტებში. 1927–36 მუშაობდა ვარშავაში სადაზღვევო საზ-ბის მათემატიკოსად, ხოლო 1930-იდან შეთავსებით – დოცენტის თანამდებობაზე ვარშავის უნ-ტში. 1936 მიიწვიეს სსრკ მეცნ. აკად. საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინ-ტში (ახლანდ. ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტი), სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. იყო თეორ. მათემატიკის განყ-ბის გამგე (1940–43), ალგებრისა და გეომ. განყ-ბის გამგე (1948–62). კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, თბილ. და ქუთაისის პედაგოგიურ ინ-ტებში. ვ-ის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში რიცხვთა თეორიის დარგში მეცნ. კვლევის მიღწევები. ვ-ის შრომები ეძღვნება მრავალგანზომილებიან ელიფსოიდებში მთელ წერტილთა რაოდენობის განსაზღვრას, მარტივ რიცხვთა ადიტიურ თეორიას, დიოფანტურ მიახლოებებს, კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენას და სხვ. 1963 ბერლინში გერმ. ენაზე გამოიცა ვ-ის მონოგრაფია, „ვაილის მაჩვენებლიანი ჯამები თანამედროვე რიცხვთა თეორიაში”, რ-შიც გადმოცემულია როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე, მ. შ. თვით ავტორის, გამოკვლევები გამყოფთა პრობლემის, ეილერისა და მებიუსის ფუნქციების, რიმანის ძეტა-ფუნქციისა და მარტივ რიცხვთა განრიგების შესახებ. ვ. იყო საერთაშ. მათ. ჟურნ. „Acta Arithmetica" ერთ-ერთი დამაარსებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი. ვ-ის „რიცხვთა თეორიის კურსი” ამჟამადაც ითვლება ქართ. ენაზე რიცხვთა თეორიის ძირითად სახელმძღვანელოდ.
თხზ.: რიცხვთა თეორიის კურსი, თბ., 1947; Целые точки в многомерных шарах, Тб., 1960.