ვამეყ III დადიანი, ოდიშის მთავარი 1658–60/62. ლევან II დადიანის სიკვდილის (1657) შემდეგ ალექსანდრე III-მ იმერთა მეფის დახმარებით, ხელთ იგდო ოდიშის სამთავრო ტახტი და დადიანის ტიტული. 1658 ბანძასთან დაამარცხა თავისი მეტოქე ლიპარიტ III დადიანი. 1660 იმერეთის სამეფოში გაჩაღებულ შინაომში ჩაერია, დიდებულთა დახმარებით დაიპყრო სამეფოს დიდი ნაწილი და მეფის ტიტულიც მიიღო. მის წინააღმდეგ გაილაშქრა ქართლის მეფე ვახტანგ V-მ, მაგრამ საქმე მორიგებით დამთავრდა: ვახტანგ V-ს იმერეთის სამეფოს ზემო მხარე დარჩა, დანარჩენი ნაწილი – ვ. III დ-ს. ამ უკანასკნელს თავისი ასული ქართლის მეფის ძის არჩილისათვის უნდა მიეთხოვებინა, რის შედეგადაც იმერეთის სამეფო არჩილის ხელში გადადიოდა. ვ. III დ-ს კი იმერეთი თავისთვის უნდოდა. მან პირობა დაარღვია და თავისი ასული იმერეთის ძლიერ თავად ბეჟან ღოღობერიძეს მიათხოვა. ამას მოჰყვა ვახტანგ V-ის მეორე ლაშქრობა. ვ. III დ-ს იმერეთისა და ოდიშის დიდებულთა დიდი ნაწილი განუდგა. მან თავდაპირველად ოდიშს მიაშურა, მაგრამ როდესაც ოდიშის ციხესიმაგრეებიც ვახტანგ V-ის ლაშქარმა დაიპყრო, სვანეთში გაიქცა. მისი ოჯახი ქართლის ლაშქარმა ჩაიგდო ხელთ. ვახტანგ V-მ ოდიშში ლევან II დადიანის ძმისწული შამადავლე დასვა მთავრად (იხ. ლევან III დადიანი). ვახტანგ V-ის მოკავშირემ, ლეჩხუმის მფლობელმა ხოსია ლასხიშვილმა ვ. III დ. სვანეთში მოაკვლევინა.
წყარო: ეგნატაშვილი ბ ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბ ე რ ა ძ ე თ., ერთი საკითხი სამეგრელოს ისტორიული გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1964, [ტ.] 2.
თ. ბერაძე