ვანათი, V–VI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამეკლესიიანი ბაზილიკა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ბოლნისსა და ხატისსოფელს შორის. შედგება 3 წაგრძელებული, გვერდიგვერდ განლაგებული სათავსისგან, რ-ებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ და გარედან გეგმის სწორკუთხედში არიან მოქცეული. სამივე ეკლესია აღმ-ით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით. ბაზილიკის ერთადერთი სამთაღიანი შესასვლელი მოწყობილია ეკლესიის სამხრ. კედელში. თვით სამხრ. ეკლესია კი, შუა ეკლესიას ორი კარით უკავშირდება, ხოლო აქედან ჩრდ. ეკლესიაში ერთი კარია გაჭრილი. ნაგებობაში არ შეინიშნება შინაგანი სივრცის პლასტ. დანაწევრების ან დამატებითი სათავსების სხვა კვალი. შუა ეკლესია ნათდებოდა სარკმლებით, რ-თაგან ერთი საკურთხევლის აფსიდში იყო გაჭრილი, 2 – სამხრეთის და ერთიც – დას. კედლებში. გვერდითი ეკლესიების აფსიდებს სარკმლები არ ჰქონდა. საშენ მასალად გამოყენებულია ბოლნისის ყვითელი ტუფის შედარებით მსხვილი კვადრები, რ-თა სწორ წყობაში აქა-იქ ჩართულია წითელი, მწვანე და მოთეთრო – ქვიშისფერი გათლილი ქვები. კედლების ზედა ნაწილები მოთეთრო-მონაცრისფრო პატარ-პატარა ქვის ბლოკებითაა ამოყვანილი. გეგმით, ზომით, პროპორციებითა და საშენი მასალით ვ. ქვემო ბოლნისის სამეკლესიიანი ბაზილიკის მსგავსია და მასთან ერთად ქართ. ხუროთმოძღვრების ამ ორიგინ. ტიპის განვითარების ერთ-ერთი ადრინდ. ნიმუშია.
ლიტ.: Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Одна из древнейших трëхцерковных базилик Квемо Картли, მი ს ი ვ ე, წგ.: Вопросы истории искусства, т. 1,Тб., 1970.
პ. ზაქარაია