ვანათი

ვანათი, ტერიტორიული ორგანოს ცენტრი ერედვის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), გუდისის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. პატარა ლიახვის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1000 მ, ერედვი-დან 7 კმ. 361 მცხ. (2002). სოფლის მახლობლად, მდ. პატარა ლიახვის მარცხ. ნაპირას, მაღალ მთაზე, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი გორის ადგილას შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ფეოდ. ხანის დანგრეული ციხესიმაგრე (წყაროებში იხსენიება XVI ს-იდან). იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა, კონტროლს უწევდა ქსნის საერისთავოს მთიან ნაწილს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ციხე 1731 ოსმალებს დაურბევიათ და ნაწილობრივ დაუნგრევიათ. 1739 მას სპარსელები შემოეწყვნენ, მაგრამ ვერ აიღეს. ნანგრევებში გამოირჩევა 3 სამშენებლო ფენა: პირველი – დიდი ზომის მონუმ. კოშკის ქვედა ნაწილი გალავნის აღმ. მონაკვეთითურთ (X –XIII სს.), მეორე – სამხრ. ნაწილის ცენტრში აღმართული ე. წ. ზურგიანი კოშკი (XIV –XV სს.), მესამე – ჩრდ.-დასავლეთის გალავანი და სამხრ-ით შესასვლელი კოშკი (XVIII ს.). ციხის მახლობლად დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – X ს. მაცხოვრის ერთნავიანი ეკლესია.

ლიტ.: М е п и с а ш в и л и  Р. С., Ц и н ц а д з е  В. Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.

ჯ. გვასალია

პ. ზაქარაია