ვანთა

ვანთა, სოფელი თელავის მუნიციპალიტეტის აკურის თემში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთის ძირას, მდ. ვანთისხევის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 600 მ, თელავიდან 13 კმ, წინანდლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 1,2 ათ. მცხ. (2002). ვ. პირველად იხსენიება 1392 ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში კალაურისა და აკურის გვერდით. შემდეგ მოხსენიებულია 1712 ონოფრე მაჭუტაძის მიერ დავითგარეჯისადმი შეწირულობის გუჯარში სოფ. აკურასთან ერთად. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) ვ. ვანათის სახელწოდებით აქვს მოხსენიებული. 1802 ქართლ-კახეთის მაზრებად დაყოფის უწყების მიხედვით ვ. საეკლ. მფლობელობის ქართველებით დასახლებული სოფელი იყო. 1804 თელავის მაზრის კამერალური აღწერიდან ჩანს, რომ ვ. შერეული მფლობელობის საეკლ. და საბატონო სოფელი იყო. აქ ყმები ჰყავდათ როგორც ეკლესიას (მცხეთის საპატრიარქო, დავითგარეჯის მონასტერი), ასევე თავად ჯანდიერებსაც. ვ. XIX ს-ში თელავის მაზრის შემადგენლობაში შევიდა. 1841 –1917 თელავის მაზრის წინანდლის საპოლიციო უბანს ეკუთვნის. 1888 წინანდლის უბანი 21 სასოფლო თემად დაყვეს. ვ-მ ბუშატთან ერთად ვანთა-ბუშატის სასოფლო თემი შექმნა. 1930, მაზრების გაუქმების შემდეგ, ვ. თელავის რ-ნში შევიდა. სოფლის მახლობლად, მდ. ვანთასხევის ფლატის პირას, გაშენებული იყო VIII –IX სს. ქართ. ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ადგილ. მოსახლეობა მას ნაციხარს უწოდებს. კომპლექსიდან შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. ვ-ის სასახლე ადრინდ. ფეოდ. ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. სასახლის სამხრ.-დას. კუთხიდან 15 –20 ნაბიჯზე დგას სასახლისავე თანადროული, რიყის ქვით ნაგები პატარა ერთნავიანი ეკლესია, რ-ის საკურთხევლის აფსიდი ნალისებრი ფორმისაა. აქვეა წყარო ამოშენებული წყალსატევით, მოშორებით კი – აბანოს ნანგრევები.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 8, თბ., 1985.

ლიტ.: Ч у б и н а ш в и л и  Г. Н., Архитектура Кахетии,Тб., 1959.

პ. ზაქარაია

ზ. ცინცაძე