ვანთის სამარხი, ძვ. წ. XIII –XII სს. არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფ. ვანთის ჩრდ-ით, ადგილ „ღრუ ტყეში”. აღმოჩნდა 1972. გათხარა კახეთის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). ორმოსამარხი ოთხკუთხაა (ზომები – 2 მ, × 1,6 მ), დამხრობილი იყო ჩრდ.-დას-იდან სამხრ.-აღმოსავლეთისკენ. მიცვალებული ესვენა მარჯვ. გვერდზე, მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდ.-დასავლეთისკენ. ჩატანებული ჰქონდა თიხის ჭურჭელი (დერგი, ქილა, კოჭობი, ბადია), ბრინჯაოს ნივთები (შედგენილტარიანი სატევარი, მასრაშეკრული შუბისპირი, მრგვალი ფარი), სამკაული (ბრინჯაოს ზამბარისებური ხვია, ბოლოებგახსნილი ბეჭედი, სარდიონის ექვსწახნაგა მძივი, ცალმხრივ გახვრეტილი მძივები) და სხვ. მასალა ინახება თელავის ისტ. მუზეუმში.
ლიტ.: მ აი ს უ რ ა ძ ე ბ., იორ-ალაზნის ზემო დინების გვიანბრინჯაო – რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993; ნ უ ც უ ბ ი ძ ე ა., ალაზნის ველის ძვ. წ. XIV–XII სს. ძეგლები, თბ., 1981; ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV –VII სს.), თბ., 1973.
ც. მენაბდე