ვანი

ვანი, ქალაქი (1961–81 – დაბა) დასავლეთ საქართველოში (იმერეთის მხარე). ვანის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. სულორის (რიონის მარცხ. შენაკადი) ნაპირას, ბაღდათი–დაფნარის საავტ. გზაზე. ზ. დ. 60 მ, თბილისიდან 276 კმ, სამტრედიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 23 კმ. 4,7 ათ. მცხ. (2002). ვ-ში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 13,9ºC, იანვ. საშ. ტემპ-რა 4,1ºC, ივლ. 23,4ºC. ნალექები 1380 მმ წელიწადში. ვ-ში არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასამუშავებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, ო. ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლ. მუზეუმ-ნაკრძალი, სახალხო თეატრი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ფარმაცია-ვანი” და შპს „ადითი”.