ვანის ნაქალაქარი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ქ. ვანში, მდ. ჭიშურის (მდ. სულორის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე, ადმ. ცენტრიდან სამხრ.-დას-ით, 1 კმ-ის დაცილებით, ბორცვზე, რ-საც „ახვლედიანების გორას” უწოდებენ. ნაქალაქარი განლაგებულია სამ ტერასად დანაწილებულ ბორცვზე, რ-საც ორი მხრიდან იცავდა ღრმა ხევები [მათგან ერთია სამხრ-იდან („საქვაბიას ღელე”), მეორე – დას-იდან. ეს უკანასკნელი ამჟამად მიწითაა ამოვსებული]. ფართობი დაახლ. 6,5 ჰა. პირველი ცნობები ვანის არქეოლ. აღმოჩენების შესახებ ჩნდება მ. ბროსეს ნაშრომში (1851), გაზეთ „დროებასა” და „კავკაზში”. 1889 ვანის მცირე გათხრები ჩაატარეს ბ. სტოიანოვმა (მხარეთმცოდნე, ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი) და ვინმე იაკობმა; 1896, 1901–1903 – ე. თაყაიშვილმა. 1936 დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა „ენიმკის” ექსპედიციამ (ნ. ბერძენიშვილი, ნ. ხოშტარია, ლ. მუსხელიშვილი). 1947–62 (ხანგამოშვებით) გათხრებს ატარებდა საქართვ. მეცნ. აკად. ისტორიის ინ-ტის ექსპედიცია ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით, 1966-იდან (რეგულარულად) – არქეოლ. კვლევის ცენტრის ექსპედიცია (ხელმძღვ. ო. ლორთქიფანიძე; 2002-იდან დ. კაჭარავა). გამოვლენილია ძვ. წ. VIII ს. – I ს. შუა წლების, აგრეთვე ახ. წ. II –III სს. და შუა საუკუნეების ძეგლები. გამოიყოფა განვითარების შემდეგი ეტაპები: 1. ძვ. წ. VIII–VII სს. კულტ. ფენები: საკულტო კომპლექსი, ხის მრავალსათავსოიანი ჯარგვალური ნაგებობა.; სამშენებლო ნაშთები – ჯარგვალური წესით ნაგები ხის ძელების კვალი, ხის ფოთლებისა და წნულის ანაბეჭდიანი თიხის ბათქაშის ფრაგმენტები; კერამიკა – შავ ან ნაცრისფერზედაპირიანი, მორგვზე დამზადებული, ორნამენტირებული, უნაგირისებურ-შვერილიანი („ზოომორფული”) ყურიანი ქოთნები, დოქები, კონუსურძირიანი სასმისები, საკულტო რიტუალის დროს მოედანზე საგანგებოდ დამსხვრეული; კერამიკასთან ერთად ადამიანის [ქალის – „დიდი დედის” (?)], ცხოველთა და ორ და სამპროტომიან არსებათა ტერაკოტული გამოსახულებანი, კერამიკაზე ორნამენტის გამოსაყვანი კაჟის იარაღი, ცხოველთა დანახშირებული ძვლები. სავარაუდოა, რომ ძვ. წ. VIII–VII სს-ში ვანი მნიშვნელოვან საკულტო ცენტრს წარმოადგენდა. 2. ძვ. წ. VII ს. დასასრ. – IV ს. შუა წლები: ხის „ტაძარი-სამლოცველო”, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სარიტუალო ორმოები და არხები, კულტ. ფენები, მდიდრული სამარხები (ნაქალაქარის სხვადასხვა უბნებზე – ადგილობრივ არისტოკრატთა საცხოვრებელი სახლების ეზოებში გამართული საოჯახო სამარხები); სამშ. ნაშთები – ხის ფოთლებისა და წნულის ანაბეჭდიანი ბათქაშები, ჯარგვალური წესით ნაგები ხის ძელები; კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სწორკუთხა ფოსოებში ჩადგმული ხის საძირკვლები – ბალიშები; კულტ. ფენებში აღმოჩენილი კერამიკა (ძირითადად შავ ან ნაცრისფერზედაპირიანი, მორგვზე დამზადებული) – სამეურნეო (ქედიანი და დაღარულზედაპირიანი ქვევრები ოთხკუთხა ან სამკუთხაგანივკვეთიანი ორნამენტირებული პირის გვირგვინით, ქვევრისებური და ორყურა ფართოპირიანი დერგები); სამზარეულოს (ქილისებური ქოთნები, ქვაბები, საწურები, ხუფები), სუფრისა (ყურმილიანი დოქები; ჭიქისებური, კონუსურტანიანი, ცილინდრულტანიანი და ფეხიანი სასმისები; ირიბკალთიანი ბრტყელძირა ჯამები) და დეკორ. ჭურჭელი (ლარნაკები); კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები: დიადემები, სასაფეთქლეები, ყელსაბამები, სამაჯურები; რკინის ნივთები – სახნისისებური იარაღი, ორფრთიანი ისრისპირი, ლურსმნები, ბრინჯაოს ჯავშნისა და ჭურჭლის ფრაგმენტები, ქვის ხელსაფქვავები. იმპორტული ნაწარმი: ლესბოსის, ქიოსის ამფორების, ქიოსური პოლიქრომიული თასის, ატიკური შავ და წითელფიგურული, შავლაკიანი კერამიკა. ივარაუდება, რომ ძვ. წ. VI–IV სს. ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ პოლიტ.-ადმ. ერთეულის ცენტრს. 3. ძვ. წ. IV–III სს. არქიტ. ნაშთები: ქვით შედგენილი საკურთხევლები, კულტ. ფენები, მდიდრული სამარხები (ძირითადად ცენტრ. და ზედა ტერასაზე კონცენტრირებული).
არქიტ. ნაგებობები: სასიმაგრო კედელი – თიხის ხსნარით ერთმანეთთან დაკავშირებულ, თიხის ბრტყელი ქვათლილებით ნაგებ კედლებზე ამოყვანილი რიყის ქვებით შევსებული ხის კონსტრუქცია; რიყის ქვებით აგებული სამლოცველო; სასახლის ტიპის ნაგებობა – რიყის ქვის საძირკველზე ამოყვანილი კირქვის ბრტყელი ფილებით ნაგები კედლები. კულტ. ფენებში წარმოდგენილია შემდეგი სახის მასალა: ადგილობრივი კერამიკა – სამეურნეო [დაღარულზედაპირიანი ქვევრები, „კოლხური ყავისფერკეციანი ამფორები” (სინოპურის მიბაძვით), ცალყურა დერგები]; სამზარეულოს (უყურო და ცალყურიანი ქოთნები, ქვაბები, საწურები, ხუფები, პირგადაშლილი ბადიები), სუფრის (ყურმილიანი დოქები, ჭიქისებური, კონუსურ და ცილინდრულტანიანი სასმისები, ქუსლიანი ჯამები) და სამგზავრო ჭურჭელი (მათარები); კვირისტავები; სამშენებლო კერამიკა (სინოპური კრამიტი, მ. შ. დამღიანი, ადგილობრივი – ყავისფერკეციანი). არქიტ. დეტალებს შორისაა ორმაგბროდომიანი სვეტისთავის ფრაგმენტები; გორგონას გამოსახულებიანი ანტეფიქსები; ბრინჯაოს ფრაგმენტული ნივთები, მ. შ. „მტრედიანი ქალის” მინიატიურული ბიუსტი, ხარის თავი [ბუნიკის ნაწილი ?], აბჯრის ფირფიტები, სამფრთიანი ყუნწიანი ისრისპირები, სამაჯურები, საბეჭდავი ბეჭდები. რკინისა და ბრინჯაოს ანთროპომორფული მცირე ზომის ქანდაკებები. რკინის ნივთები – დანები, მასრიანი შუბისპირები, ლურსმნები. მინის პოლიქრომიული მძივები და ფიგურული მძივსაკიდები; ქარვის, გიშრის, სარდიონის მძივები. საიუველირო წარმოების ნაშთები: ოქროს ნამზადი, ფირფიტები, აგრეთვე ძვლის იარაღი. იმპორტ. კერამიკა: ქიოსის, თასოსის, მენდესის, ე. წ. სოლოხა I-ის ტიპის, ჰერაკლეის, სინოპის (მ. შ. დამღიანი) ამფორები; ატიკური წითელფიგურული და შავლაკიანი ჭურჭელი; მცირეაზიული სანელსაცხებლეები; ღია (ყვითელი) ფერის ანგობზე წითლად მოხატული (შევრონები, „მძივსაკიდი”) დოქები. მონეტები: „კოლხური თეთრის” მცირე ნომინალები (ნახევარდრაქმები), მაკედონიის მონარქთა – ფილიპე II-ის, ალექსანდრე მაკედონელის, ფილიპე III-ის – სტატერები; ძვ. წ. IV ს. 40–30-იანი წწ. პანტიკაპეონის მონეტა; ძვ. წ. III ს. დასაწყ. სინოპური ჰემიდრაქმა. 4. ძვ. წ. III ს. II ნახ. – I ს. შუა წ-მდე. თავის მხრივ, იყოფა სამ ძირითად სამშენებლო პერიოდად: ა) ძვ. წ. III ს. II ნახ. – ძვ. წ. II ს. II მეოთხედი (ე. წ. პერგამული კომ-პლექსის როდოსული ამფორებით დათარიღებული): კარიბჭე („ცოტა კარი”), კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლო ნიშები, ცენტრ. ტერასაზე კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი ქვათლილებისათვის განკუთვნილი ფოსოებით ფიქსირებული ნაგებობანი, კლდოვან დედაქანში გამართული სამსხვერპლოები, თიხის ქვის ფილებით მოგებული გზა; ბ) ძვ. წ. II ს. ბოლოდან – ძვ. წ. I ს. შუა წლებამდე. ამ დროს ყალიბდება ძვ. ქალაქის ძირითადი არქიტ. სტრუქტურა. ამ პერიოდის უმთავრესი ნაგებობებია: კოშკებით გამაგრებული თავდაცვითი კედლები, განახლებული კარიბჭე, ქვედა ტერასაზე დიდი საკულტო კომპლექსი: ტაძარი-პროპილეუმი, ცენტრ. ტერასაზე „მოზაიკურ-იატაკიანი” ტაძარი, „მრგვალი ტაძარი”, 12-საფეხურიანი საკურთხეველი ქვის ფილებით. შედგენილი წყალსაწრეტი არხები, ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსასხმელი სახელოსნო; გ) ძვ. წ. I ს. შუა წლები: დანგრეული ნაგებობის ადგილზე სასწრაფოდ აშენებული გალავნის კონტრფორსებიანი კედელი, სათავსები. ქალაქის ისტ. მე-4 ეტაპზე ძირითადად წარმოდგენილია სწორკუთხა რუსტისებული ქვათლილებით აგებულ საძირკველზე ალიზ-აგურით ამოყვანილი კედლები; გვხვდება აგრეთვე თიხის ბრტყელი ფილებით ამოყვანილი კედლები. გადახურვა – კრამიტით (ბრტყელი და ღარიანი) შედგენილი ორფერდა ან ცალქანობიანი სახურავი. იატაკი – თიხატკეპნილი, ერთ შემთხვევაში – თავწაკვეთილი რიყის ქვებით შედგენილი „მოზაიკური”. კულტ. ფენებსა და სამსხვერპლოებზე აღმოჩენილი არქეოლ. მასალა მრავალფეროვანია: კერამიკა – წითლად გამომწვარი, დაღარული პირისგვირგვინიანი ქვევრები, დერგები და ქოთნები, „წელშეზნექილი ამფორები”, წითელსარტყლიანი ცალყურა და ორყურა დოქები, ქუსლიანი ჯამები, ბერძნ. ჭურჭლის მინაბაძი (სათევზე ლანგრები, კანთაროსისებური თასები, თიმიატერიონები – სარიტუალო ცეცხლისათვის განკუთვნილი ფეხიანი თასები). ვერტ. საქსოვი დაზგისათვის განკუთვნილი თიხის პირამიდული საწაფები. ადგილ. კირქვისაგან დამზადებული არქიტ. დეტალები – ლომის თავები, სიმის ნაწილები, ფიგურული კაპიტელები, სვეტის ბაზები და დოლები, აკროტერიუმი, რელიეფურგამოსახულებიანი ფრიზის ფრაგმენტები, ტერაკოტული ანტეფიქსები, რკინის სამაგრები. ბრინჯაოს დიდი ქანდაკებების ფრაგმენტები (ადამიანის სხეულის ნაწილების, აბჯრის, ცხენის), მ. შ. ჭაბუკის ტორსი, “მკაცრ სტილზე” აქცენტირებული ხელოვნების ნიმუში. იმპორტ. კერამიკა – სინოპის, ჰერაკლეის, როდოსის, კნიდოსის, კოსის („თეთრანგობიანი” ამფორები), მცირეაზიული, პერგამული, ალექსანდრიული (რელიეფური და სადა შავ და წითელლაკიანი ჭურჭელი, „მეგრული თასები”, ტერაკოტები). მონეტები – „ახალი სტილის” ათენური ტეტრადრაქმა, კაპადოკიის, მითრიდატე VI-ის დროის პონტოს ქალაქების (ამასტრისი), ე. წ. კისტოფოროს, ანონიმური (ლოტოსისგამოსახულებიანი), პართიის, რომის რესპუბლიკური. ბრინჯაოს ფილაზე ბერძნ. წარწერის – სატაძრო საკანონმდებლო აქტის ფრაგმენტი, ბერძნ. გრაფიტოები თიხის ჭურჭელზე. სავარაუდოა, რომ ძვ. წ. III–I სს. ვანი წარმოადგენდა სატაძრო ქალაქს, რ-იც დანგრეული და გადამწვარია ძვ. წ. III–I სს-ში. შემდგომი ეპოქების ძეგლები მცირერიცხოვანია: II–III სს-ით თარიღდება ლომისთავებიანი ბრინჯაოს სარკოფაგი, მონეტები (რომის იმპ. მარკუს ავრელიუსისა და კარაკალასი). შუა საუკუნეებს განეკუთვნება ეკლესია და მასთან დაკავშირებული უინვენტარო სამარხები, მეომრის სამარხი, კერამიკის გამოსაწვავი ქურის ნაშთები. ნაქალაქარზე აღმოჩენილი არქეოლ. მასალა დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმსა და ო. ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლ. მუზეუმ-ნაკრძალში.
ლიტ.: ვანი. არქეოლოგიური გათხრები, რედ. ო. ლორთქიფანიძე: I–VIII, თბ., 1972–86; ვანის ნაქალაქარის შესახებ 1996 წლამდე გამოცემული ლიტერატურა იხ.: ვანი IX. ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, თბ., 1996.
ო. ლორთქიფანიძე