ელაშვილი ვასილ ივანეს ძე (10. IX. 1914, სოფ. ჯუგაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 15. XI. 1997, თბილისი), ფიზიკური კულტურისა და სპორტის მოღვაწე. პედ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1979), საქართვ. ფიზ. კულტურისა და სპორტის დამს. მუშაკი (1987). 1941 დაამთავრა საქართვ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემია. 1941-იდან მუშაობდა ამავე დაწესებულებაში. 1949–75 განაგებდა ფიზ. კულტურის თეორიისა და მეთოდიკის კათედრას. 1976-იდან იყო იმავე კათედრის პროფესორი. ე. შეისწავლიდა სასკოლო ფიზ. აღზრდის პრობლემებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. ხალხური მოძრავი თამაშების, ფიზიკური ვარჯიშების აღდგენისა და დანერგვის საქმეში. იუნესკოსთან არსებული სპორტის ისტ. და ფიზ. აღზრდის საერთაშ. კომიტეტის წ.-კორ. წლების მანძილზე იყო ქართ. ენციკლოპედიის სპორტის სამეცნ. საბჭოს აქტიური წევრი და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის ავტორი.
თხზ.: მშვილდოსნობა, თბ., 1959; სპორტული წვრთნის საკითხები, თბ., 1964; Парикаоба (хевсурское фехтование), Тб., 1956; Традиции грузинской народной физической культуры и современность, Тб., 1973.
ა. ციბაძე