დაბლაგომის არქეოლოგიური ძეგლები, არქეოლოგიური ძეგლები სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. დაბლაგომში.
1929 შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. IV ს. ე. წ. დაბლაგომის განძი – ვერცხლის ფიალა, რ-შიც კოლხ. მონეტები და ელექტრუმის წყვილი საყურე
დაბლაგომში ნაციხვარისა და ნასაკირევის ბორცვებზე, გათხრილია ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ანტ. ხანის სამაროვანი და ნასახლართა ეწყო. გათხრები ჩატარდა 1936 (ნ. ბერძენიშვილი, ბ. კუფტინი, ნ. ხოშტარია). არქეოლ. ძიებანი განახლდა 1970-იდან (ვ. თოლორდავა). ნაშთები. ადრინდ. ბრინჯაოს ხანის კერამიკა ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი და ზედაპირგაპრიალებულია. ჭურჭელი უმეტესად დიდი ზომისაა (ყურებიანი ან შვერილებიანი პითოსები და ქოთნები), ზოგს ძირზე ჭილოფის ანაბეჭდი ეტყობა, გვხვდება დისკოსებრი ხუფები, აღმოჩენილია აგრეთვე ქვის ხელსაფქვავები, კაჟის ფოთლისებრი შუბისპირი, კაჟისა და ობსიდიანის ანატკეცები.
მსგავსი მასალა აღმოჩენილია როგორც დას. (ოჩამჩირე, დიხაგუძუბა), ისე აღმ. საქართველოში (კიკეთი, დიდუბე, ოზნი). ანტ. ხანის სამოსახლო წარმოდგენილია ხის წნულის ანაბეჭდიანი ბათქაშების ფენებით. დადასტურებულია ცხოვრების 2 პერიოდი: ადრინდ. ანტიკური (ძვ. წ. VI–IV სს.) და ადრინდ. ელინისტური (ძვ. წ. IV– III სს.). ადრინდ. ანტიკური ხანის ფენაში აღმოჩნდა კვეთილი და ნაკაწრი დეკორით შემკული კოლხ. კერამიკის ფრაგმენტები (სასმისები, დოქები, ჯამები, ქვევრები და სხვ.). ადრინდ. ელინისტური პერიოდისაა დაბლაგომში აღმოჩენილი ქვევრსამარხები.
სამარხად იყენებდნენ ჩვეულებრივ სამეურნეო დანიშნულების კოლხურ ქვევრებს, რ-ებიც მიწაში მეტწილად პირქვე იყო ჩადგმული. თუმცა გვხვდება ჰორიზონტალურად ჩადებული ქვევრსამარხებიც. ქვევრს გადახერხავდნენ ან გადატეხდნენ და ჩაასვენებდნენ ხელფეხმოკეცილ მიცვალებულს მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე. სამარხეული მასალა საკმაოდ ღარიბულია (თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის სამკაული, ვერცხლის მონეტები – კოლხური თეთრი), რაც გვიჩვენებს, რომ ქვევრსამარხებში კრძალავდნენ საზ-ბის რიგით წევრებს.
1972 ნაციხვარის ბორცვზე აღმოჩნდა ძვ. წ. III ს. I ნახ. წარჩინებული პირის მდიდრული სამარხი. ეს იყო სინოპური კრამიტით გადახურული სწორკუთხა ხის ნაგებობა, რ-იც კლდეში ამოკვეთილ ორმოში იდგა. მასში აღმოჩნდა ოქროს სამკაული, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რკინის იარაღი, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები და საკიდები, უამრავი ადგილ. და შემოტანილი თიხის ჭურჭელი (3 კოლხური, 2 სინოპური ამფორა). არქეოლ. მასალა მოწმობს, რომ დაბლაგომი ანტ. ხანის ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი იყო. განსაკუთრებით დაწინაურებული იყო კერამ. წარმოება, რ-ის პროდუქციასაც სასაქონლო ხასიათი უნდა ჰქონოდა.
ლიტ.: К у ф т и н Б. А., Материалы к археологии Колхиды, [т.]2, Тб., 1950.
ვ. თოლორდავა
ი. ფხაკაძე