ვანის ქვაბები, VIII–XVI სს. გამოქვაბულთა კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა ისტორიულ ჯავახეთში. მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში (ქ. ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), მდ. მტკვრის ზემოთში, მარჯვ. ნაპირზე. XIV ს-მდე ვაჰანის ქვაბები ერქვა. უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რ-შიც ეკლესიაც შედის, არაუგვიანეს VIII ს-ისაა. იგი დღემდეა შემონახული. IX–XI სს. ვ. ქ-ის უდაბნო გაფართოვდა. მის ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ახ. ქვაბ-სენაკები გამოკვეთეს. 1089 ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვ. ქ-ის ცენტრ. ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. თითქმის მთელი XII ს. განმავლობაში, 1191-მდე, ვ. ქ. გურგენისძეთა ფეოდ. სახლის საგვარეულო მონასტერი იყო. 1191–98 ვ. ქ. მეფის ხელში გადავიდა. თამარის მეფობის ხანაში (1184–1213) დაიწყო მისი რეკონსტრუქცია. 1186–91 მონასტრის პატრონმა, იჩქით გურგენისძემ, განაახლა იგი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა; 1204 მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა ვ. ქ-ის ძვ. ქვითკირის ზღუდე აღადგინა. 1204–83 ვ. ქ-ს თმოგველთა ფეოდ. საგვარეულო ფლობდა. 1204–34 თმოგველებმა მონასტერს დაუწესეს ახ. ტიპიკონი („ვაჰანის ქვაბთა განგება”), 1265–83 ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 მიწისძვრის შედეგად ვ. ქ. კვლავ დაინგრა (თმოგველებმა დატოვეს თმოგვი, ვაჰანის მონასტერი და ქართლში გადასახლდნენ). XIV–XVI სს. აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. XIV–XV სს-ში ვ. ქ-ის პატრონად ღარიბაისძეთა საგვარეულო ჩანს. ვ. ქ. 1551 სპარსელებმა, ხოლო 1576 ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა.
ვ. ქ-ის კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბული 16 სართულად არის განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები და ისტ. ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები, წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი. კლდის ოვალურ უბეში ტერასულად განლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ ჩაკეტილ შიდა ეზოს ქმნის. კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის გუმბათიანი ტაძარი, ორ სართულად განლაგებული სამარხი ეგვტერითა და მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით, რ-ის ქვეშაც ქვაბ-საძვალეა მოთავსებული. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალებისა და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ჩუქურთმიანი ქვები. კარიბჭის ჩრდ-ით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხ. ფრთის ტერასებზე – სამ სართულად განლაგებული ქვაბსამარხი და ქვის სადგომები. არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამ. ჭურჭლის დასამზადებელი საწარმო-სახელოსნო, კლდისა და ქვის შერწყმით ნაგები სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლითა და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვ. ზღუდის გარეთ, ტერასაზე აღმართული ოვალური კოშკი რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილი იყო და ზღუდის მისადგომებს იცავდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლ. გათხრებით გამოვლენილი ეპიგრაფიკული ძეგლები, მ. შ. იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა. ვ. ქ-ის დას-ით მეუდაბნოეობის ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII ს. მხატვრობის ფრაგმენტები. გამოვლინდა აგრეთვე XII ს. ქართ. ჭედური ხელოვნ. მნიშვნელოვანი ძეგლები, მ. შ. ვერცხლის 3 თასი. სამონასტრო ანსამბლში სამონაზვნო სენაკებს შორის დაცულია როგორც უდაბნოსათვის დამახასიათებელი უძველესი სამყოფი ქვაბები, ასევე შემდეგდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესაფერი კლდის საცხოვრებლები თავიანთი სამეურნეო დამხმარე სადგომებით. ვ. ქ-ის ხუროთმოძღვრებაში მკვეთრად ჩანს კლდეში ნაკვეთ ადრეულ ქვაბთა თავისებურებანი; იგი კლდის ხუროთმოძღვრების შუალედური ძეგლია, რ-მაც ქვაბთა თანდათანობითი განვითარებით XII–XIII სს. ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბება შეამზადა. მონასტრის ქვაბთა შორის გადარჩენილია კიდევ 2 პატარა ეკლესია. ერთი მათგანი დაბლა, ქვაბთა ზონის დასაწყისში მდებარეობს. მისი სამხრ. შესასვლელი კარის ამყოლად დატანებულია წარწერიანი ქვა, რ-შიც ანტონ ჭყონდიდელია მოხსენიებული. მეორე ეკლესია (XV ს.) მაღლა, მუქი ნაცრისფერი ანდეზიტის კლდეებშია. ეკლესია საინტერესო და მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიითაც. ეს არის XV ს. II ნახევარში აქ შეხიზნული მონაზონი ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები და ნახატები, რ-ებითაც დაფარულია კედლების თავისუფალი არე. წარწერათა ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულაშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვ. წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ და თავიანთი ბედით უკმაყოფილონი არიან. პროზაულთან ერთად გვხვდება გალექსილი წარწერები. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძვ. ქართ. პოეზიის ნიმუშებიც. გვხვდება „ვეფხისტყაოსნის” ფრაგმენტი – ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, ქაჯეთის ციხიდან რომ სწერს ტარიელს (1300, 1301), „როსტომიანის” ერთი სტროფი (2903), ლირ. ლექსები სას. და საერო ხასიათისა (უმთავრესად სატრფიალო-სამიჯნურო), რ-თაგან რამდენიმე ეკუთვნის წარწერათა შემსრულებლებს ანას და თუმიანს, არის აგრეთვე ხალხ. ლექსები. ვ. ქ-ის მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართ. მწერლობის ისტორიისათვის. მათ შემოინახეს ქართ. ლირ. პოეზიის, „ვეფხისტყაოსნისა” და „როსტომიანის” სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით ვეცნობით XV ს. ქართვ. საზ-ბის ლიტ. გემოვნებასა და კულტ. დონეს.
წყარო: ვაჰანის ქვაბთა განგება, გამოსცა ლ. მუსხელიშვილმა, ტფ., 1939.
ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ც., ვარძია. გზამკვლევი, თბ., 1948; გ ა ფ რ ი ნ დ ა შ ვ ი ლ ი გ., ვარძია და მისი მიდამოების ქვაბები, თბ., 1957; მ ი ს ი ვ ე , ვანის ქვაბის განძი, «ძეგლის მეგობარი», 1966, №6; მ ი ს ი ვ ე, არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძიებანი ვანის ქვაბში 1967 და 1968 წწ., წგ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, [ტ.] 2, თბ., 1971; მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962; ო ნ ი ა ნ ი შ., ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერების პოეზია, «საბჭოთა ხელოვნება», 1959, № 7; 1960, №8.
გ. გაფრინდაშვილი
ლ. მენაბდე
შ. ონიანი