ელდარის დაბლობი, ე ლ დ ა რ ი ს ვ ე ლ ი, აკუმულაციური ვაკე-დაბლობი საქართველოსა და აზერბაიჯანში, მდ. ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე, მინგეჩევირის წყალსაცავის დას. ნაწილის ჩრდ-ით. აგებულია მეთხეული ალუვიური და დელუვიური დანალექებით. საქართველოს ფარგლებში ვრცელდება მდ. ივრის მარცხ. სანაპიროს გასწვრივ 25 კმ-ზე. სიმაღლე ზ. დ. 100–200 მ. ე. დ. ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ნამდვილი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია. ნალექების წლ. ჯამია 300 მმ, ამის შესაბამისად, მდინარის ჩამონადენის მოდულიც დაბალია - 1–2 ლ/წმ კმ²-ზე. რუხ-მურა ნიადაგებზე განვითარებულია აბზინდიანი ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, რ-ის ფონზეც ადგილ-ადგილ გავრცელებულია ხურხუმოიანები და უროიანები. აზერბაიჯანში, სოფ. ქესამანთან არის ბუნებრივი ასფალტის საბადო. საქართვ. და აზერბ. საზღვარზე შემორჩენილია ენდემური ელდარის ფიჭვი. ე. დ-ს იყენებენ ცხვრის საზამთრო საძოვრებად.
ლ. მარუაშვილი