ვანქი, ფაშა-ვანქი, სომეხთა ღვთისმშობლის ეკლესია თბილისში, ორბელიანთუბანში, ავანაანთხევის (სალალაკისწყალი) და მტკვრის შესაყარზე, მდინარის მარჯვ. ნაპირზე, მუხრანის (ახლანდ. ნ. ბარათაშვილის) ხიდის მახლობლად. ძვ. თბილისში ცნობილი იყო „ფაშავანქის” (ფაშას მონასტერი) სახელით, ასევე მოიხსენიებენ როგორც წმ. მამების მონასტერს. „პირველი მამათ მონასტერი, სადაც მჯდომარებს ეჩმიაწინით წარმოვლენილი ეპისკოპოსი ანუ არხიეპისკოპოსი, წინამძღვრად წოდებული, განმგებელი საქართველოს ჰაოსთა, ამას შინა არს. აღშენებული ქვით-კირით დიდი ეკკლესია ... არს აღშენებული წელსა 1480-სა” (დ. კარიჭაშვილი), ზოგიერთი სომეხი მკვლევრის მოსაზრებით, ვ. აგებულია X ს. ან XV ს-ში (პ. მურადიანი). ლ. მელიქსეთ-ბეგი სომხ. წერილობით წყაროებში მოხსენიებული ისტ. პირების სახელთა მოშველიებით ძეგლს XIV–XVI სს-ით ათარიღებს. პ. იოსელიანის მოსაზრებით, „ფაშავანქი” XVI ს. ძეგლია. ვახუშტის გეგმაზე ვ. დატანილია №25-ით, პიშჩევიჩის 1785 გეგმაზე №72-ით აღნიშნულია „სომეხი ბერების მონასტერი”. 1715–20 და 1788–1800 ეკლესია რამდენჯერმე გადაკეთდა და განახლდა. ვ. დაანგრიეს XX ს. 30-იან წლებში ნ. ბარათაშვილის (ყოფ. მუხრანის) ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. ამჟამად შემორჩენილია XIX ს. სამრეკლო. ეკლესიასთან არსებობდა სასაფლაო. ვახუშტის იგი 1735 გეგმაზე დატანილი აქვს №26-ით – „სასაფლაო სომეხთა”.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977; მ ე ლ ი ქ ს ე თ – ბ ე გ ი ლ., ტფილისის ვანქის დაარსების საკითხისათვის, «ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე», 1924, ტ. 4; ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი მ., საქართველოს დედა-ქალაქი ტფილისი, ქუთ., 1899; И о с е л и а н и П., Описание древностей г. Тифлиса, Тфл., 1866.
თ. ბერიძე