ვანქის უბანი

ვანქის უბანი, ფ ა შ ა - ვ ა ნ ქ ი ს  უ ბ ა ნ ი, მდებარეობდა ისტორიული თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, ორბელიანთუბანში, მტკვრის მარჯვენა მხარეს, ავანაანთხევის (სალალაკისწყლის) მარცხენა სანაპიროსთან. სახელი უბანმა მიიღო აქ მდგარი ვანქის (ფაშა-ვანქის) სომხ.-სამოციქულო მონასტრის გამო. პორუჩიკ ჩუიკოს 1800 თბილ. გეგმაზე რომაული ციფრით VII აღნიშნული აქვს „Предместье Ванкис Убани”, ხოლო ციფრით VIII – ვანქის ციხე – „Замок Ванк”, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. თბილ. გარეთუბანში „ვანქის ციხე” არ არსებობდა. ეტყობა, რადგანაც ვანქი (ფაშა-ვანქი) გალავანშემოვლებული იყო, ჩუიკოს იგი დატანილი აქვს როგორც „ციხე”. ვ. უ-ის საზღვრები ამჟამად დაახლოებით ასე შეიძლება შემოიფარგლოს: აღმ-ით – მტკვარი, სამხრ-ით – ბარათაშვილის ქუჩა, დას-ით – გიორგი ათონელის ქუჩის მიდამოები და ჩრდ-ით – მტკვრის ქუჩა.

 თ. ბერიძე