ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, დაარსდა 1961, სსიპ, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ისტ. ფშავში, დუშეთიდან 52 კმ დაშორებით მდებარე სოფ. ჩარგლის ცენტრში. 2008-იდან საქართველოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სახლ-მუზეუმში დაცულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, XIX ს. და XX ს. დასაწყისის ეთნოგრ. ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, აგრეთვე პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფ. და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვ. მუზეუმის საფონდო ერთეულთა რაოდენობა შეადგენს 2300-ზე მეტ ეგზემპლარს. სამუზეუმო კომპლექსში შედის საცხოვრებელი სახლი და საგამოფენო შენობა. სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე, ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს, რ-იც მხოლოდ გვერდებიდანაა გახსნილი. აივნიდან სწორკუთხა შესასვლელით ვხვდებით ვიწრო ტალანში. მის ორივე მხარეს სხვადასხვა ზომის თითო ოთახია, ორივე ოთახის ფანჯრები აივანზე გამოდის. პატარა ოთახს ორი სწორკუთხა ფანჯარა აქვს, მოზრდილს – სამი. ორივე ოთახში თითო ბუხარია.
პირველი, პატარა 16 კვ. მ ოთახი. ვაჟას მამის, პავლე რაზიკაშვილის (1831–90) აგებულია, სადაც დაიბადა და თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა ვაჟა–ფშაველამ. მეორე ოთახი (ფართ. 20 კვ. მ), რ-იც ვაჟას ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, 1935 წელსაა მიშენებული. 1976 ძეგლს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა სპეც. სამეცნ.-სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანებამ (ხელმძღვ. თ. აბრამიშვილი). აღდგა პავლესეული სახლი, შეკეთდა გადახურვა და სხვ. 1986 აღადგინეს საბძელ-გომური, წყლის წისქვილი, წყარო. 1987, მწერლის დაბადების 125 წლისთავზე, აშენდა მუზეუმისთვის განკუთვნილი შენობა ოთხი საგამოფენო დარბაზით და ერთი ფონდსაცავით (არქიტექტორები: ო. ლითანიშვილი, ა. გურული). მუზეუმის შესასვლელის წინ დადგეს ვაჟა-ფშაველას ბრინჯაოს ქანდაკება – კვარცხლბეკზე შედგმული დიდი ზომის (სიმაღლე 5 მ) ბიუსტი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი). ქანდაკების უკან, მუზეუმის სახურავზე, ვიწრო, სწორკუთხა კვარცხლბეკზე დგას არწივის ბრინჯაოს ქანდაკება, რ-იც ვაჟას მიერ შექმნილ პოეტურ სახეს განასახიერებს. მუზეუმის შენობას მინიჭებული აქვს კულტ. მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (საქართვ. კულტ. და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის № 3/181 ბრძანება). მუზეუმში იმართება თემატური გამოფენები; აგრეთვე მოქმედებს საგანმან. პროგრამა, ტარდება ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები.