გოფანთოს ბრძოლა 1588, ბრძოლა ქართლის მეფის სიმონ I-ისა და იმერეთის მეფის ლევანის ლაშქარს შორის სოფ. გოფანთოსთან (ახლანდ. თერჯოლის მიდამოები).
XVI ს. 80-იან წლებში იმერეთის სამეფო-სამთავროები შინაფეოდ. ომებში იყვნენ ჩაბმული. ქართლისა და იმერეთის პროგრ. მოღვაწეები ცდილობდნენ ქართლ-იმერეთის გაერთიანებას. ამ მიზნისათვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგა სიმონ I და თავისი ლაშქრით იმერეთში გადავიდა. ლევანმა დახმარებისათვის მამია IV დადიანსა და გიორგი II გურიელს მიმართა, მაგრამ ისინი ერთმანეთს მტრობდნენ და მეფეს დახმარება არ გაუწიეს. გ. ბ-ში ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმში გაიქცა.
სიმონ I-მა მძევლები წაიყვანა და სასწრაფოდ ქართლში დაბრუნდა, რადგან ოსმალებისა ეშინოდა (ოსმალებს ამ დროს გორი და მისი მიდამოები ეჭირათ). ამით ისარგებლა ლევანმა და იმერეთის ტახტი დაიბრუნა, რის შედეგადაც დას. საქართველოში შინაფეოდ. ომები კიდევ უფრო გამწვავდა.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ო. სოსელია