ვარდან არეველცი, ვ ა რ დ ა ნ ბ ა რ ძ რ ბ ე რ დ ე ც ი , ვ ა რ დ ა ნ დ ი დ ი (დაახლ. 1200/10–1271). სომეხი სწავლული, ბერი, დაიბადა ბარძრბერდში (კილიკია). მას მიაკუთვნებენ რელიგ. შინაარსისა და ისტ.-გეოგრ. ხასიათის თხზულებებს. წარმომავლობით იგი აღმ. სომხეთიდან უნდა იყოს, რაზეც მისივე სახელწოდება „არეველცი” (აღმოსავლელი) მიგვითითებს. ვ. ა-ის „მსოფლიო ისტორია” გვაწვდის ცნობებს სომხეთისა და მეზობელი ქვეყნების, მ. შ. საქართველოს შესახებ უძველესი დროიდან 1267-მდე. იგი უმთავრესად წინამორბედ ისტორიკოსთა შრომებს ემყარება. ამასთან, ნაშრომში ისტ. მნიშვნელობის ისეთი ცნობებიცაა, რ-ებიც სხვა წყაროებით ცნობილი არ არის. ნაშრომში გამოყენებულია ქართ. წყაროების ცნობებიც (მაგ., ქართვ. მეფეთა შთამომავლობის გადმოცემისას), მაგრამ არა უშუალოდ, არამედ მხითარ ანელის „ისტორიის” მეშვეობით. ვ. ა-ის თხზულებაში საქართველოს შესახებ საყურადღებო ისტ. ცნობაა არაბების მიერ ქართლის ერისმთავრად აშოტ დიდი კურაპალატის დანიშვნისა და შემდგომ მისი სამფლობელოს გაფართოების შესახებ (კლარჯეთიდან თბილისამდე). ვ. ა-ის ცნობით დავით აღმაშენებელმა საბერძნეთში გაგზავნა 40 ახალგაზრდა იქაურ სკოლებში სწავლის მისაღებად და მთარგმნელობით ხელოვნებაში გასაწვრთნელად. ერთობ საყურადღებოა ვ. ა-ის ცნობა სომეხთა პატრიარქის ვაჰანის (X ს.) მიერ სომხ. ეკლესიებში ქართ. ხატების შეტანის მცდელობაზე, რის გამოც იგი საპატრიარქო ტახტიდან გადაუყენებიათ. ვ. ა. მთარგმნელიც ყოფილა. სხვა ავტორთან ერთად მას მიაწერენ ასურულიდან პეტრე იბერის მოწაფის, იოანე მაიუმელის „პლეროფორის” თარგმნას, რ-შიც მონოფიზიტობის ისტორიასთან ერთად გადმოცემულია პალესტინაში პეტრე იბერის მოღვაწეობის ეპიზოდები.
თხზ.: მსოფლიო ისტორია. ძვ. სომხურიდან თარგმნეს ნ. შოშიაშვილმა და ე. კვაჭანტირაძემ, თბ., 2002.
ლიტ.: მ ე ლ ი ქ ს ე თ-ბ ე გ ი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941; А б е г я н М., История древнеармянской литературы, Ер., 1975.
გ. მაისურაძე