„ვარდების რევოლუცია”, პირობითი სახელწოდება 2003 წ. ნოემბერში საქართველოსა და უმთავრესად თბილისში განვითარებული მოვლენებისა, რომლის შედეგადაც გადადგა პრეზიდენტი ე. შევარდნაძე და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე მაშინდელმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. ზ. ჟვანიამ, ნ. ბურჯანაძემ და მ. სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად საპროტესტო აქციები დაიწყეს. 22 ნოემბერს ხელისუფლებამ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დანიშნა. ოპოზიციამ თბილისში (ამ დროისათვის მას საკუთარი მომხრეები ჰყავდა ჩამოყვანილი რაიონებიდან) მასშტაბური საპროტესტო აქცია მოაწყო, რ-იც პარლამენტის შენობაში შესვლით, სხდომათა დარბაზის დაკავებითა და სხდომის ჩაშლით დამთავრდა. ოპოზიციის ნაწილმა მთავრობის კანცელარიის შენობა დაიკავა. 23 ნოემბერს საპროტესტო აქციები გაგრძელდა. შედგა შეხვედრა ზ. ჟვანიასი და მ. სააკაშვილისა ე. შევარდნაძესთან, რ-ის შემდეგ ე. შევარდნაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ნ. ბურჯანაძეს დაევალა და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.