ვარდევანი, სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გვერდისუბნის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), თორის ქვაბულში, მდ. გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1500 მ, ბორჯომიდან 33 კმ, წაღვერიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 19 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. სოფლის სახელწოდება ახალია და ისტ. წყაროებში – უცნობი. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიისა და რუკის მიხედვით, ამ სოფლის ძვ. სახელწოდება შესაძლოა ლელისუბანი იყო. სოფლის სამხრ-ით, შემაღლებულ ადგილზე, შემორჩენილია X ს. შუა წლების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. შიგნით და გარედან ნაგებია სწორად ნაწყობი მოვარდისფრო ტუფის გათლილი მოზრდილი კვადრებით. შესასვლელი სამხრ-იდან ჰქონდა. იქვე გდია ვეება, კარგად დამუშავებული ვარდისფერი ქვის არქიტრავი, რ-ზედაც გამოსახულია ორი ლილვით შექმნილ წრეში ჩასმული ტოლმკლავებიანი, ბოლოებგაშლილი ჯვარი. კედლებთან პროფილიანი კარნიზის ქვები ყრია, იქვეა კედლიდან ჩამოვარდნილი ქვა ასომთავრული წარწერის ფრაგმენტით: „მშლი” (მშობელი?, მაშენებელი?). კარნიზი სოფ. გვერდისუბნის ეკლესიის კარნიზის მსგავსია – აქაც მის პროფილს მაღალი შეზნექილი არე და ვიწრო თარო შეადგენს. ეკლესიას ირგვლივ სასაფლაო აკრავს.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., გ ი ო რ გ ა ძ ე მ., ჩ ა ჩ ხ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ც., ჭ ა ნ ი შ ვ ი ლ ი გ., გუჯარეთი, თბ., 1987.
დ. ბერძენიშვილი