დაბლა ციხე

დაბლა ციხე, თბილისის ციხის ნაწილი. დასახელება „დ. ც." გაჩნდა როსტომ მეფის დროს XVII ს. 30–40-იან წლებში ციხისა და ქალაქის გამყოფი კედლის (კალის ციხიდან მეტეხის ხიდამდე) აგების შემდეგ: „მეფემან როსტომ, ჩამოზღუდა კალა ციხიდამ ხიდის ყურამდე და მისცა სპარსთა; ...არს კუალად დაბალს ციხესა შინა ეკლესია გუმბათიანი და აწ ცარიელი, და სხუანი გუმბათიანნი არიან. ...ხოლო ხიდის ყურს აღაშენა მეჩითი შაისმაილ" (ვახუშტი).

დ. ც. მდებარეობდა ძვ. თბილისის სამხრ-ით ციხის უბანში. სამხრ.-აღმ-იდან ესაზღვრებოდა წავკისისწყალი, აღმ-იდან – მდ. მტკვარი (მეტეხის ხიდთან), ჩრდ-იდან – ახლად შემოზღუდული კედელი, დას-იდან – კალის ციხე.

წავკისისწყლის მარცხენა ნაპირს აყოლებულ კედელში დატანებული „აბანოს კარით" დ. ც. უკავშირდებოდა აბანოთუბანს. ის ქალაქს ჩრდიდანაც უკავშირდებოდა კალის ციხიდან ჩამოზღუდულ კედელში დატანებული „ციხის კარით", რ-იც უშუალოდ ქვემო მოედანზე (დღევანდელი ვახტანგ გორგასლის მოედანი) გამოდიოდა.

1750 წ. ამბებთან დაკავშირებით პაპუნა ორბელიანი წერს: „ბძანა მეფემან და აღიღეს გალავანი ქალაქისა, რომელი იყო ციხესა და ქალაქს შუა და გააერთნეს ციხე და ქალაქი". ეს იყო პოლიტიკური აქტი – კედლის აღებით სამხრით არსებული მუსლიმანთა კომპაქტურად დასახლებული უბანი მოიშალა და დანარჩენ ქალაქს შეუერთდა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, თბ., 1981.

თ.ბერიძე