ვარდისუბანი, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი დმანისის თემში (ქვემო ქართლის მხარე), დმანისის პლატოზე, მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 840 მ, დმანისიდან 15 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 15 კმ. 403 მცხ. (2002). ქვემო ქართლში ამ სახელწოდების რამდენიმე სოფელი იყო, რაც ვარდების სიმრავლეს, ვარდნარს აღნიშნავდა. ქართლის მეფემ სიმონმა 1588 დმანისის ღვთისმშობელს სხვა სოფლებთან ერთად შესწირა ვ. და დმანისის ხეობის დამღის (საბაჟოს გადასახადი) ნახევარი. საყაფლანიშვილოს შემოსავლის დავთარში ვ-ის ზვარს 1619 წ. შეწერილი ჰქონდა 28 საპალნე ღვინო. 1721 აღწერით სოფელში ითვლებოდა ერთი მებატონე (ყაფლანიშვილი), 8 მემამულე აზნაური (ავთანდილიშვილები), 8 გამომღები და 10 ბოგანო ყმა. ვ-ის სიახლოვეს აღმოჩე-ნილია ადრინდ. ფეოდ. ხანის (IV–VIII სს.) სამაროვანი. იქაური ქვასამარხების მჭიდრო განლაგება მოზრდილი დასახლების არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. სოფელში ერთი დარბაზული მცირე ეკლესიაა, რ-იც გვიანდ. საუკუნეებში საფუძვლიანად არის გადაკეთებული. აღმ. და დას. კედლებში ჩასმული წნულჩუქურთმიანი და ჯვრიანი ქვები კი განვითარებულ შუა საუკუნეებს (XII–XIII სს.) განეკუთვნება. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა ძვ. და ახ. საფლავის ლოდებით.
წყარო: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935; ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1955; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897, წგ. 3, თბ., 1967.
ლიტ.: ბ ო ლ ქ ვ ა ძ ე გ., ადრეული შუა საუკუნეების სამაროვანი დმანისის რაიონიდან, «ძეგლის მეგობარი», 1984, №66.
დ. ბერძენიშვილი