ვარდოშვილი ხარიტონ ივანეს ძე

ვარდოშვილი (ნამდვ. გვარი – ნიკოლაიშვილი) ხარიტონ ივანეს ძე (7. X. 1895, სოფ. ცხემლისხიდი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 15. X. 1970, თბილისი), პოეტი. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი. 1918-იდან თსუ-ის სიტყვიერების ფაკ-ტის თავისუფალი მსმენელი იყო. მუშაობდა თავდაპირველად ქუთაისში, გაზ. „სამშობლოს” რედაქციაში (1916), შემდეგ (1921-იდან) – თბილისში, გაზ. „კომუნისტის” რედაქციაში. პირველი ლექსი 1914 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებ. – 1924. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „თეატრი და ცხოვრება”, „განათლება” და სხვ. ვ-ის ადრინდ. პოეზიაში დეკადენტობის გავლენა იგრძნობა, ცხოვრება პოეტს რღვევისა და განწირულობის ქაოსად ესახებოდა. ბუნდოვანი სახეები, პესიმიზმი და გულგატეხილობა შეინიშნება მის ლექსებში: „სიკვდილის ამბორი” (1918), „სათხოვარი სულისადმი”, „მუხრანის ხიდი”, „დინ-დან-დარიდან” (1919), „ხალისის დასაფლავება ტფილისში” (1920), „საუბარი უბედურ ლანდთან” (1922) და სხვ. 30-იანი წლებიდან ვ-ის პოეზიაში თანდათანობით დამკვიდრდა როგორც თანამედროვე საქართველოს, ასევე ჩვენი ხალხის გმირული წარსულის თემატიკა („ახალი კოლხეთი”, 1928; „შოთა რუსთაველს”, 1937; „ქართლის ზეცა”, 1939; „ფაზისს”, 1940 და სხვ.). თარგმნა ა. პუშკინის, ტ. შევჩენკოს, ვ. ბრიუსოვის, ი. ვ. გოეთეს, ფ. შილერის, ჰ. ჰაინესა და სხვათა ნაწარმოებები.

 თხზ.: რჩეული, თბ., 1959.

ლ. ავალიანი