ვარენცოვი მიხეილ ივანეს ძე [7(20). I. 1902, სოფ. პოპოვსკაია, ახლანდ. ივანოვოს ოლქი, რფ, – 26. V. 1977, მოსკოვი], რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1953), გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1942). დაამთავრა მოსკოვის სამთო აკად. გეოლ.-საძიებო ინ-ტი (1929). მუშაობდა ნავთობის გეოლ.-საძიებო ინ-ტში (1934-იდან – დირექტორის მოადგილე), 1949–55 სსრკ მეცნ. აკად. გეოლოგიის ინ-ტის დირექტორია, 1956–77 – საწვავი წიაღისეულის გეოლ. და დამუშავების ინ-ტის დირექტორი. პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. ვ-ის შრომები ძირითადად შეეხება ნავთობაირიანი რეგიონების (კავკასია, ვოლგა–ურალი, ციმბირი, ყაზახეთი, შუა აზია, ჩინეთი, ავსტრია, აფრიკა და სხვ.) გეოლ. უმნიშვნელოვანეს საკითხებს (შედარებითი ტექტონიკა და სტრატიგრაფია, განვითარების ისტორია) და ნავთობისა და აირის საბადოების განთავსების კანონზომიერებებს. ვ-მა დიდი ღვაწლი დასდო საქართვ. ნავთობიანი რაიონების გეოლ. შესწავლის საქმეს. ამ საკითხებისადმი მიძღვნილი აქვს 2 ათეულზე მეტი შრომა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Перспективы нефтеносности западной части Куринской депрессии и соседних областей Большого и Малого Кавказа, «Бюллетень Грузнефти», 1947, №1–2; Геологическое строение западной части Куринской депрессии, М.–Л., 1958; Геологическое строение области Триалетских гор и смежных районов Карталинии, «Труды Ин-та нефти», 1950, т. 1, в. 2.
ლიტ.: 75-летие М. И. Варенцова, «Советская геология», 1977, №3; Биобиблиографический словарь, в. 8, М., 1978.
ვ. ზესაშვილი