ვარლამი (ე რ ი ს თ ა ვ ი ) (8. VIII. 1763 – 18. XII. 1830, მოსკოვი), საქართველოს ეგზარქოსი 1811–17, დავით ქსნის ერისთავის ძე. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1784 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. ვ. იყო ღრმად განსწავლული ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში, შესანიშნავი რიტორი, მოქადაგე და ენების მცოდნე, ახალგაზრდობიდანვე აღიკვეცა ბერად და მალევე მღვდელმონაზონის ხარისხში იქნა აყვანილი. ქართლ-კახეთის სამეფო კარის გადაწყვეტილებით ვ. დაინიშნა ახტალის ეპარქიის მმართველად. 1794 ვ. რუსეთში გაემგზავრა და მოღვაწეობა დაიწყო პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში. 1801 იმპერატორ პავლე I-ის განკარგულებით იგი აირჩიეს რუსეთის უწმიდესი სინოდის წევრად. შეისწავლა რუს., ებრ., ძვ. ბერძნ. ენები. პეტერბურგში მოღვაწეობის დროს ვ-მა გამართა ქართ. სტამბა და ხელი მიჰყო საგამომცემლო საქმიანობას – 1802 რუს. ენაზე დაიბეჭდა ნაშრომი „ქართული ენის გრამატიკა”, მასვე ეკუთვნის ნაშრომი „განმარტებანი სახარებისა”, რ-იც შემდგომში რუსულად ითარგმნა. 1808 ვ. საქართველოში დააბრუნეს. პეტერბურგის საიმპერატორო კარი დიდ იმედს ამყარებდა მასზე. ვ. გვერდში ამოუდგა კავკასიის რუს. ხელისუფლებას საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალი-ის გაუქმების საქმეში. 1810 წ. 3 ნოემბ., საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის რუსეთში გაწვევის შემდეგ, ვ. დაინიშნა კათოლიკოსის მოვალეობის შემსრულებლად. ხელისუფლების დავალებით მან შეადგინა აღმ. საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რ-იც საქართვ. საეგზარქოსოს შექმნას და რუს. სინოდისადმი მის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა. 1811 წ. 30 ივნისს რუს. იმპერატორმა, მცირედი ცვლილებებით, ხელი მოაწერა ვ-ის შედგენილ პროექტს. საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. ვ. გახდა საქართვ. ეგზარქოსი, ხოლო დას. საქართველოს საკათოლიკოსოს გაუქმების (1814) შემდეგ – საქართველო-იმერეთის ეგზარქოსი. ადგილობრივი საერო და სას. პირების წინააღმდეგობის გამო, მან დას. საქართველოში რეფორმა ვერ განახორციელა, რის გამოც საქართველოდან რუსეთში გაიწვიეს. იგი თავდაპირველად სანქტ-პეტერბურგის სინოდის წევრად დანიშნეს, 1825 კი – მოსკოვის დანიელის მონასტრის წინამძღვრად, სადაც გარდაიცვალა. დაკრძალულია იქვე.
ლიტ.: ბ უ ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი ე., საქართველოს ეგზარქოსის ვარლამ ერისთავის მოღვაწეობის ისტორიიდან. კრებული, მიძღვნილი ვალერი გაბაშვილის 90 წლისთავისადმი, თბ., 2003; ლ ე კ ი შ ვ ი ლ ი ს., ქართული სტამბის მოღვაწენი, «მწიგნობარი», 1982, №81; Кирион II (Садзаглов), Епископ, Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901.
ე. ბუბულაშვილი