ვარსიმაანთკარის არქეოლოგიური ძეგლები, ძვ. წ. V–IV სს. ნამოსახლარი და სამაროვანი სოფ. ვარსიმაანში, ადგილ ვარსიმაანთქედებზე (დუშეთის მუნიციპალიტეტი). არქეოლ. გათხრები ჩატარდა 1972, 1981–86 (ხელმძღვ. რ. რამიშვილი). გამოვლენილია ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი ინდივიდ. ორმოსამარხები. სამაროვანი ერთფენიანია. მოქმედებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ხელფეხმოკეცილ მდგომარეობაში მარჯვენა (კაცები) ან მარცხენა (ქალები) გვერდზე. იშვიათია წყვილადი დაკრძალვა. 4 სამარხში მხედართან ერთად დაკრძალული იყო ცხენი. სამარხში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი (ხელადები, სასმისები, ჯამები, კოჭბები, გუთნები), რკინის იარაღი (შუბისპირები, სატევრები, ისრისწვერები, დანები), ბრინჯაოს ნივთები (ფარი, მუზარადი, ჯავშანი, სამაჯურები, სასაფეთქლე რგოლები, ბეჭდები, საკინძეები), ვერცხლისა და ოქროს სამკაული. სამაროვნის ჩრდ.-დას-ით 10 მ-ზე გამოვლენილია სინქრონული ნამოსახლარი. კედლები ნაგებია ქვის საძირკველზე ამოყვანილი ალიზით. გათხრილია კერამ. ქურაც. მოპოვებული მასალა აღმ. საქართველოს ანალოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი მასალის მსგავსია.
ლიტ.: წ ი თ ლ ა ნ ა ძ ე ლ., ვარსიმაანთკარის სამაროვანი, წგ.: ჟინვალი. არქეოლოგიური კვლევა-ძიება არაგვის ხეობაში, I, თბ., 1983; М у х и г у л а ш в и л и Н. З., Варсимаанткарский могильник, კრ.: Археологические открытия 1981 года, М., 1983; Работы Жинвальской археологической экспедиции, წგ.: Полевые археологические исследования в 1981 году, Тб., 1984.
ნ. მუხიგულაშვილი