ვარსკვლავთა დინამიკა, ვარსკვლავთა ასტრონომიის დარგი, რომელიც შეისწავლის ვარსკვლავთა მოძრაობის კანონზომიერებებს მათი სისტემების გრავიტაციულ ველში. იკვლევს აგრეთვე ვარსკვლავთა სისტემების მდგრადობის, დაშლისა და ევოლ. საკითხებს. მნიშვნელოვანი პრობლემა, რ-საც ამჟამად შეისწავლის ვ. დ., არის ვარსკვლავთა სისტემების, კერძოდ, ჩვენი გალაქტიკის სპირალური სტრუქტურის წარმოშობისა და ევოლ. საკითხები, აგრეთვე ამ სისტემების რელაქსაციის დროის განსაზღვრა. ვ. დ. იყენებს სტატისტიკური – ფიზიკისა და ჰიდროდინამიკის მეთოდებს, რაც განპირობებულია იმით, რომ ვარსკვლავთა სისტემებს ახასიათებს როგორც აირის, ასევე სითხის მრავალი თვისება. ვარსკვლავთა სისტემა (გალაქტიკა, ვარსკვლავთა გროვები და სხვ.) კარგი მიახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც „აირი”, რ-ის „მოლეკულებსაც” ცალკეული ვარსკვლავები წარმოადგენს და რ-ზეც ვარსკვლავთა სისტემის მიერ შექმნილი გრავიტაციული ველი მოქმედებს. ვარსკვლავთა სისტემებში არსებული აირისა და მტვრის ღრუბლებზე მოქმედებს სინათლის წნევის ძალა და მაგნ. ველები, მაგრამ ვ. დ-ში ძირითადია გრავიტაციული ძალები. ვ. დ-მ თანამედროვე სახე მიიღო ამერ. ასტროფიზიკოსის ს. ჩანდრასეკარის, საბჭ. ასტრონომების ვ. ამბარცუმიანის, კ. ოგოროდნიკოვის და სხვათა შრომების საფუძველზე. ვ. დ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართვ. ასტრონომებმა, რ-ებმაც შეისწავლეს ვარსკვლავთა მოძრაობების კანონზომიერებისა და მათი ევოლ. საკითხები (გ. მალასიძე, ა. ტორონჯაძე, რ. ძიგვაშვილი და სხვ.).
რ. ძიგაშვილი