„ვარციხე-2005“

„ვარციხე-2005” (შპს), ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, ქვეყნის ერთ-ერთი მძლავრი სეზონური ჰიდროელექტროსადგურების კომპლექსი დას. საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდ. რიონზე. სადგურის ჯამური საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 184 მეგვტ, ელექტროენერგიის გამომუშავება – 1 მლრდ. კვტ.სთ; კასკადი შედგება 4 ჰესისაგან. პირველი ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1976, მეორე – 1978, მესამე – 1980, მეოთხე – 1988 წელს. გამოყენებულია მდ. რიონის წყლის ვარდნა მის ქვემო წელზე – რიონჰესის გადამგდები არხიდან მარჯვენა შენაკად მდ. გუბისწყლის შესართავამდე. ამ მონაკვეთზე მდ. რიონის ვარდნა 64,5 მ შეადგენს. ვარციხის ჰესების შემადგენლობაშია: დაბალზღურბლიანი დასაშლელი კაშხალი, რ-იც აშენებულია მდ. რიონზე, სოფ. გეგუთში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 1976 წ. დეკემბერში. კაშხალის სიგრძე – 98 მ, სიმაღლე – 21,2 მ; წყალმიმღები გამრეცხი გალერეები; მიწაყრილის ყრუ კაშხალი (სიგრძე – 44,7 მ, სიმაღლე – 11 მ); მარჯვენა სანაპირო დამბა (სიგრძე – 2387 მ); დერივაციის ტრასა, რ-იც მიჰყვება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროს (საერთო სიგრძე – 27,15 კმ), შედგება 4 მონაკვეთისაგან, თითოეული მონაკვეთის ბოლოს განლაგებულია კასკადში შემავალი ჰესები. ვარციხის ჰესების კასკადის თითოეული ელექტროსადგურის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 46 მეგვტ, მაქს. დაწნევა – 15 მ, ელექტროენერგიის გამომუშავება – 250 მლნ. კვტ.სთ. ცალკეულ ჰესში დადგმულია ორ-ორი მოსაბრუნებელფრთებიანი ტურბინა, თითოეული 23 მეგვტ სიმძლავრისა. გამომუშავებული ელექტროენერგია 110 კვ-იანი გადამცემი ხაზების საშუალებით მიეწოდება საქართვ. ენერგოსისტემას. ვარციხის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (მლნ. კვტ.სთ) 1977 წ. შეადგენდა 61,1; 1980 წ. – 360,6; 1985 წ. – 543,6; 1990 წ. – 851,4; 1995 წ. – 591,2; 2000 წ. – 665,7; 2005 წ. – 674,0; 2010 წ. – 796,2; 2013 წ. – 847,6. 1996 წ. 17 დეკემბერს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზ-ბა „ვარციხეჰესების კასკადი”, რ-იც 2006 წ. მაისიდან გარდაიქმნა შპს-დ და დაერქვა „ვ.-2005”. 2007 წ. 1 იანვრიდან შედის ჰოლდინგურ კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზში”. საქართვ. მთავრობის გადაწყვეტილებით 2005 წ. დამდეგს განხორციელდა ჰესის პრივატიზაცია.

დ. ჩომახიძე