ვარძია

ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII–XIII სს. ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი; კულტ.-საგანმან. კერა. მდებარეობს ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძიდან 30 კმ), მტკვრის მარცხ. ნაპირას. სამონასტრო ანსამბლი შეიქმნა ძირითადად 1156–1203, აკურთხეს 1185 წ. 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184–1213). სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტ. და კულტ. ცხოვრებაში. ჟამთა სიავის გამო ჩვენამდე მოღწეულია ვ-ის მწიგნობართა მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილი. იოანე შავთელმა აქ შეთხზა „გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი” – სამადლობელი ბასიანის ომში (1203) ქართველთა გამარჯვებისადმი მიძღვნილი საგალობელი. ცნობილია იქაური ხელნაწერები: იოანე ოქროპირის თარგმანები მათეს თავისა (XII ს.), ოთხთავი (XII–XIII სს.) და სხვ. ვ-ის მონასტრის წინამძღვარი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა, ზოგჯერ საწოლის მწიგნობარიც იყო. მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII ს. II ნახ.) ვარძიელი ბერმონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნ. კულტურის გადასარჩენად. 1551 ვ-ის მონასტერი სპარს. ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვ-ის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი და კულტ. სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, ვ. საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828–29 ომის შედეგად ვ. კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. XX ს. 20-იანი წლებიდან დაიწყო ვ-ის მეცნ. შესწავლა. 1938 იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970–71 ვ-ში ჩატარდა არქეოლ. გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტ. ფენა: ადრინდ. შუა საუკუნეებისა, XII და XIII–XIV სს.; აღმოჩნდა მოჭიქული კერამ. მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა ნივთი და იარაღი. ვ-ის მონასტერი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფ-ბრექჩიების შვეულ კლდეში. სიგრძე 500 მეტრამდეა. განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან: საკუთრივ ვ-ის მონასტრისა და უფრო ადრინდ. ხანის (X–XII სს.) კლდის სოფელ ანანაურისაგან. ვ-ის კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156–84), შემუშავდა ზოგადი გეგმა და გამოიკვეთა კლდის პირველი საცხოვრებლები – სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე (1184–85) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. თამარ მეფის მითითებით მოხდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია – კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ და მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის, რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე (1185–1203) დამთავრდა სა-თავსებისა და მონაზონთა სენაკების, თავდაცვითი და საირიგაციო ნაგებობების გამოკვეთა. მშენებლობის IV ეტაპი დაკავშირებულია 1283 მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის ათაბაგობის ხანაში (1285–1306) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და XIII ს. დამახასიათებელი ორნამენტით შემკული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, ივანე ათაბაგის დროს (1391–1444), მოეწყო დიდი სატრაპეზო. ვ-ის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე – მრავალსართულად გამოკვეთილი საცხოვრებლები განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის (ტაძრის) გარშემო. ეკლესიის ადგილი გარედან ადვილი გამოსაცნობია: მის წინ კლდის შეღრმავებაში ჩაშენებულია თლილი ქვის ორი თაღი, რ-თა გვერდით აღმართულია სამრეკლო. მთელი მონასტერი სამხრ-ითაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი. სადგომები დაჯგუფებულია მცირე კომპლექსებად, რ-ებიც ერთმანეთთან გადასასვლელებით დაკავშირებული 2, 3 და 4-ოთახიანი სადგომებისაგან შედგება (მონასტერში ასეთი 120 საცხოვრებელი და 420 სათავსია, მ. შ. 25 მარანი 185 ქვევრით). საცხოვრ. კომპლექსი შედგება ერთ ღერძზე განლაგებული საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი არქიტ. ელემენტია, რ-იც მას წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან განასხვავებს, ხოლო კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტ. ტექტონ. ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. საზ. და საცხოვრ. სადგომები ტექნიკურად ოსტატურადაა შესრულებული – ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები – ჭურჭლის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვ. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. ზოგ სამყოფელს საკუთარი სამლოცველოც ეკვრის (ასეთი სულ თორმეტია). ვ. არ გამოირჩევა მორთულობის სიმდიდრით. ერთადერთი სამკაულია სამლოცველოს კედლის მხატვრობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184–86) – ქართ. მონუმ. ფერწერის შესანიშნავი ნიმუში, სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი. თამარი, როგორც ჩანს, გათხოვებამდეა დახატული. მხატვრობა შემონახულია აგრეთვე ანანაურის ეკლესიაში. იგი XV–XVI სს. მიჯნას მიეკუთვნება. ვ-ის მთელ ანსამბლში აღმ. ნაწილი უკეთაა დაცული. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი, მ. შ. დიდი დარბაზი (5,6×8მ), რ-ის კედლებიც განსაკუთრებული გულდასმით არის დამუშავებული. ამავე ნაწილშია „სადარბაზო” საკრებულო მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, ე. წ. „სალხინო” (მარნით) და სხვ. მონასტერს დას. ნაწილში ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო, სამლოცველოები, ხოლო ცენტრ. ნაწილში – საგანგებო თავშესაფარი, სამალავი ოთახები; გვირაბები მარაგდებოდა წყლით. მთავარი ეკლესიის დას-ით, სიღრმეში, ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ გვირაბში გაყვანილი იყო 3,5 კმ სიგრძის წყალსადენის ტრასა. საუკუნეთა განმავლობაში მიწისძვრების თუ მტრის ხელით მრავალჯერ დაზიანებული ძეგლი დღეისათვის მოვლილია.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი  ც., ვარძია. გზამკვლევი, თბ., 1945; გ ა ფ რ ი ნ დ ა შ ვ ი ლ ი  გ., ვარძია, თბ., 1976; მ ე ლ ი თ ა უ რ ი  ა., ვარძიის სამშენებლო-ხუროთმოძღვრული შესწავლის საკითხები, თბ., 1961; Г а п р и н д а ш в и л и  Г., Пещерный ансамбль Вардзиа (1156–1213 гг.), Тб., 1960; მ ი ს ი ვ ე , Ancient monuments of Georgia: Vardzia, Leningrad, 1975 (ინგლ., რუს. და ქართ. ენებზე).

 

ვ. გაფრინდაშვილი

ლ. მენაბდე