ვასუსარმა

ვასუსარმა, ვ ა ს უ რ მ ე, თაბალის „დიდი მეფის”, თუვათის (თუათის) ძე, ასურეთის მეფის, ტიგლათფილესერ III-ის (ძვ. წ. 745–727) თანამედროვე და ერთხანს – მისი ქვეშევრდომიც. დაახლ. 728 ვ-ს ასურელთა ბატონობისაგან გათავისუფლება განუზრახავს. ამ გადაწყვეტილებას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ურჩი მეფის ნაცვლად ასურელებს თაბალის სამეფო ტახტზე ჰული (ჰულუ – „არავის შვილი”) დაუსვამთ. ამ სამხ. მოქმედების დროს ტიგლათფილესერ III-ის ლაშქარს თაბალში ნადავლის სახით ხელთ უგდია 10 ტალანტი (300 კგ) ოქრო, 1000 ტალანტი (30 ტ) ვერცხლი და 2000 ცხენი. ვ-სა და მისი ქვეშევრდომების (ე. წ. „მსახურების”) სახელებს უკავშირდება თაბალის ყოფილ ტერიტორიაზე XX ს. 30-იანი წლებიდან დღემდე აღმოჩენილი იეროგლიფურ-ლუვიური (ხეთური) წარწერების უმრავლესობა.

ლიტ.: ხაზარაძე ნ., აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში, თბ., 1978.

ნ. ხაზარაძე