ვატიკანი (ოფიც. Stato della Città del Vaticano), ქალაქ-სახელმწიფო, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის – პაპის რეზიდენცია. მდებარეობს იტალიის დედაქალაქის, რომის დას. ნაწილში, მონტე-ვატიკანოს ბორცვზე. ვ-ს თითქმის ყველა მხრიდან შემოვლებული აქვს ქვის გალავანი. ფართ. 0,44 კმ², მოსახლეობა დაახლ. 1 ათ. კაცი. ოფიც. ენებია ლათინური და იტალიური, ფულის ერთეული – ვატიკანის ევრო (2002-მდე – ვატიკანის ლირა). ვ-ში აბსოლუტური თეოკრატიული მონარქიაა, სახელმწ. მეთაურია რომის პაპი, რ-საც ფარული კენჭისყრით მუდმივად ირჩევს მისივე დანიშნული სათათბირო ორგანო – კარდინალთა კოლეგია (კონკლავი). პაპს ეკუთვნის უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრ. და სასამართლო ხელისუფლება. მონტე-ვატიკანოს ბორცვზე პაპები დაფუძნდნენ IV–V სს-ში. 1150 პაპმა ევგენი III-მ აქ სასახლე ააგო, რ-იც 1377-იდან ვ-ის პაპების მუდმივ რეზიდენციად გადაიქცა. 1929 ლატერანის ხელშეკრულებების თანახმად აღიარებულ იქნა პაპის სუვერენული სახელმწიფო – ვ. საქართველო-ვ-ის ურთიერთობას ჯერ კიდევ VI ს. ჩაეყარა საფუძველი. რომის პაპ გრიგოლ I-სა და ქართლის კათოლიკოს კირიონს მიმოწერა ჰქონდათ ნესტორიანობის საკითხებზე. შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით ჯვაროსანთა ლაშქრობების ხანიდან, საქართველო-ვ-ის ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდა. საქართვ. მეფეს რუსუდანს (1223–45) მიმოწერა ჰქონდა რომის პაპ გრიგოლ IX-თან; რუსუდანმა 1239–40 დახმარება სთხოვა რომის პაპს მონღოლების წინააღმდეგ საბრძოლველად, სამაგიეროდ საქართველოს გაკათოლიკებას ჰპირდებოდა, მაგრამ პაპმა უარი უთხრა, ვინაიდან თვითონაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თვით პაპი რუსუდანს სთხოვდა, დახმარებოდა თბილისში მყოფი მინორიტების ორდენის მისიონერებს. 1329 პაპის იოანე XXII-ის ბრძანებით თბილისში დაარსდა კათოლიკეთა საეპისკოპოსო. პირველ ეპისკოპოსად დაინიშნა ქართ. ენის მცოდნე დომინიკელი ბერი იოანე ფლორენციელი. ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ რომის პაპმა პავლე II-მ (1405–64) გადაწყვიტა აღმ. ქვეყნების მონაწილეობით შეექმნა ანტიოსმალური კოალიცია და ამ მიზნით აღმოსავლეთში გამოაგზავნა ლუდოვიკო ბოლონიელი. იგი სხვა ქვეყნებთან ერთად დაუკავშირდა საქართვ. მეფე-მთავრებს, რ-ებმაც, თავის მხრივ, ელჩები გააგზავნეს დას. ევროპაში, კერძოდ, ვ-ში. მიუხედავად დიდი მცდელობისა, კოალიცია არ შედგა (იხ. ანტიოსმალური კოალიციები XV–XVII სს-ში). ქართლის მეფე სიმონ I (1537–1611) თავის საგარეო პოლიტიკას ევრ. ქვეყნებთან ურთიერთობაზე ამყარებდა, რ-ებთანაც შუამავლის როლი ვ-ს უნდა შეესრულებინა. XVII ს. I ნახ-იდან საქართვ. სამეფო-სამთავროების ურთიერთობა ვ-თან კიდევ უფრო გააქტიურდა. საქართველო-ვ-ის ურთიერთობა, სხვადასხვა კათოლ. ორდენის მისიონერების მოღვაწეობის მიხედვით, რამდენიმე პერიოდად შეიძლება დაიყოს: 1. XIII ს. 20-იანი წლებიდან XVI ს. ბოლომდე, როდესაც საქართველოში დომინიკელები და ფრანცისკელები მოღვაწეობდნენ; 2. XVII ს. I ნახ., საქართველოში თეატინელ მისიონერთა მოღვაწეობის ხანა. ამ დროს (1622) ვ-მა დააარსა პროპაგანდის კონგრეგაცია („პროპაგანდა ფიდე”), რ-ის მიზანი იყო აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის კათოლიკობის გავრცელება და პროტესტანტებთან ბრძოლა; 3. კაპუცინების მოღვაწეობის ხანა (1661–1845). XVIII ს. 10-იან წლებში ვ-ს დიპლ. მისიით ეწვია ს.-ს. ორბელიანი. მან მოლაპარაკება გამართა პაპ კლემენტ XI-თან – სთხოვდა მას დახმარებოდა ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გათავისუფლების საქმეში, მაგრამ მისია წარუმატებლად დამთავრდა. ვ. ცდილობდა ქართ. ეკლესიის შეერთებას, თუმცა განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. იგი თავის მისიონერებს ავალებდა აღენუსხათ ყველაფერი, რაც ქართვ. ერის რელიგიას, ეთნოგრაფიას, კულტურას და პოლიტ. ცხოვრებას ეხებოდა და სისტემ. და დეტალური ანგარიშები გაეგზავნათ ვ-ში. ასეთი გააქტიურებული ურთიერთობების გამო უცხოეთის არქივებსა და წიგნსაცავებში დაგროვდა ამ პერიოდის მასალა, რ-იც ეხება ვ-ის პოლიტიკას აღმ. ქვეყნებში და, კერძოდ, საქართველოში. ეს არის კათოლიკე მისიონერების მოგზაურთა წერილები, ბარათები, ანგარიშები, ჩანაწერები, მემუარული ხასიათის თუ სხვა სახის დოკუმენტები. ვ-მა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში საგანმან. სისტემის განვითარების საქმეში. მან ევროპას გააცნო ქართ. კულტურა და ევრ. კულტურის სათანადო ელემენტები შემოიტანა საქართველოში. მისი დახმარებით ევროპაში შეიქმნა პირველი ქართ. საბეჭდი შრიფტი (1629) და გამოიცა პირველნაბეჭდი ქართ. წიგნი „ქართულ-იტალიური ლექსიკონი”, დაარსდა ქართ. სტამბა. ვ-ის წარგზავნილთა მეშვეობით საქართველოში გაიხსნა საგანმან. დაწყებითი და საშ. კათოლ. სკოლები საზ-ბის ყველა ფენისათვის. არანაკლები როლი შეასრულა ვ-მა საქართველოს დას. ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარების საქმეში. ვ-ის წარგზავნილთა დახმარებით საქართველოში დაჩქარდა ქართვ. ვაჭართა ერთი ფენის გაკათოლიკების საქმე, რაც იწვევდა ქვეყანაში აღებ-მიცემობის კიდევ უფრო განვითარებას. XVIII ს-იდან საქართველო-ვ-ის ურთიერთობა შესუსტდა, რასაც ძირითადად შემდეგი მიზეზები განსაზღვრავდა: საქართველოს მძიმე პოლიტ. მდგომარეობა, ირან-ოსმალეთის ექსპანსიის გაძლიერება, სომხ. ეკლესიის მიერ ვ-ის წარგზავნილთა დევნა, შემდეგ კი საქართველოს რუსეთთან შეერთება. XX ს. 90-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ვ-თან ურთიერთობის ახ. ხანა დაიწყო – 1992 წ. 23 მაისს დამყარდა დიპლ. კავშირი საქართველოსა და ვ-ს შორის: 1993 საქართველოში გაიხსნა წმიდა საყდრის საელჩო, ხოლო 2004 – საქართვ. საელჩო წმინდა საყდართან. ამოქმედდა კათოლ. ტაძრები და საკრებულოები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში და სხვ. აშენდა რამდენიმე ტაძარი. 1999 ნოემბ. რომის პაპი იოანე პავლე II (1978–2005) ეწვია თბილისს.
ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ..., ტფ., 1902; ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა ა., ვ ა თ ე ი შ ვ ი ლ ი ჯ., პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები, თბ., 1983.
ქ. პავლიაშვილი