ვაშაკიძე ლარისა კონსტანტინეს ასული

ვაშაკიძე ლარისა კონსტანტინეს ასული (დ. 6. I. 1935, თბილისი), სწავლული აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (2006), ბიოლ. მეცნ. კანდიდატი (1965). 1957 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1958-იდან მუშაობდა საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1993-2003 იყო ციტოგენეტიკის ლაბორ. გამგე. 2006-იდან არის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყ-ბის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ვ-ის შრომებში შესწავლილია ვაზის ადგილობრივი ჯიშები; მორფო, ციტოგე-ნეტიკურად და ციტოემბრიოლოგიურად გამოკვლეულია ქართ. გენოტიპები, ველური და გაველურებული ფორმები; შედგენილია ჯიშების იდენტიფიკაციის ტესტ-სისტემა; შემუშავებულია ფუნქციურად მდედრობითი ვაზისა და თვითსტერილური ხეხილის ჯიშებისათვის უკეთესი დამამტვრიანებლების შერჩევის მოდელი; შესწავლილია სასელექციო მასალის მიღების კანონზომიერებანი და სხვ. ვ-ის თანაავტორობით მიღებულია ვაზის 1 კლონი და ატმის 15 ინდუცირებული ფორმა. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა (მ. შ. 1 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია, 3 გამოგონება). დაჯილდოებულია აკად. ნ. ი. ვავილოვის მედლით (1987) და ღირსების ორდენით (2013).

თხზ.: ვაზის ქართული გენოტიპების იდენტიფიკაციისა და ზოგიერთი ფიტოტექნიკური ღონისძიების ოპტიმიზაციის მეცნიერული საფუძვლები, თბ., 2006.