ვაშაკიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე [15 (28). VIII. 1909, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 27. XI. 1956, თბილისი, დაკრძალულია აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე], ასტრონომი და ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1954). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1932). 1936–56 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვატორიაში. შეიმუშავა ვარსკვლავთა სივრცული განაწილების შესწავლის ახ. ეფექტური მეთოდი, რ-იც გამოიყენება გალაქტიკაში სხვადასხვა მიმართულებით ვარსკვლავთა სივრცული განაწილების განსასაზღვრავად, ვარსკვლავთშორის განფენილი მატერიის მიერ სინათლის შთანთქმის გათვალისწინებით (იხ. ვაშაკიძე – ოორტის მეთოდი). შეადგინა 509 გარეგალაქტიკური ნისლეულისა და 110 გრძელპერიოდიანი ცეფეიდის ფერის მაჩვენებელთა კატალოგი, რ-ისთვისაც ძირითადი მასალა მიღებული იქნა აბასთუმნის ობსერვატორიაში. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ჩატარებული მზის გვირგვინის (კორონის) და გალაქტიკური ნისლეულების გამოსხივების პოლარიზაციის შესწავლის დარგში. ვარსკვლავთა ასტრონ. კვლევის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვ-ის ნაშრომს „სინათლის გალაქტიკური შთანთქმის შესწავლა გარეგალაქტიკური ნისლეულებისა და გრძელპერიოდიანი ცეფეიდების ფერის სიჭარბეთა მიხედვით და სხვა მეთოდებით” (1950). ვ-მ აბასთუმნის ობსერვატორიაში შმიდტისეულ კამერაზე მორგებული, თავისივე შექმნილი ორიგინ. ხელსაწყოთი – პოლაროიდით – აღმოაჩინა კიბორჩხალას ნისლეულის გამოსხივების ძლიერი პოლარიზაცია, რის საფუძველზეც დადგინდა ამ ნისლეულის გამოსხივების არასითბური, სინქროტრონული ბუნება. დიდია ვ-ის ღვაწლი აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპების და დანადგარების განახლების საქმეში. მან რამდენიმე შრომა მიუძღვნა ახ. ტელესკოპების გამოკვლევას. ვ-ის უშუალო ხელმძღვანელობით აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნ. ექსპედიციების მიერ ტარდებოდა დაკვირვებები მზის სრულ დაბნელებებზე: ურალში (1941), კარელიაში (1945), ბრაზილიაში (1947), შუა აზიასა (1952) და ლაგოდეხში (1954) (იხ. მზის დაბნელება). სამეცნ. საქმიანობასთან ერთად ვ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-სა და ქუთაისის პედ. ინ-ტში, სადაც კითხულობდა ვარსკვლავთა ასტრონ. კურსს. დიდია მისი წვლილი ქართვ. ასტრონომების აღზრდაში. იყო საერთაშ. ასტრონ. კავშირის დარგობრივი კომისიისა და სსრკ მეცნ. აკადემიის ასტრონ. საბჭოს წევრი. შეყვანილია მსოფლიოს 400 გამოჩენილი ასტრონომის ბიოგრ. ლექსიკონში. 1970 ქ. ბრაიტონში (ინგლისი) აშშ-ის დელეგაციის წარდგინებით, ასტრონომთა XIV გენ. ასამბლეაზე, ასტრონ. მეცნიერების წინაშე დამსახურებისათვის, მთვარის ჩრდ. ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს „ვაშაკიძის” სახელი ეწოდა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე ნ., მიხეილ ალექსანდრეს ძე ვაშაკიძე, თბ., 1980; მთვარის ბინადარი, მიხეილ ვაშაკიძე – 100. შემდგ.: ნ. დოლიძე, ც. ვაშაკიძე, თბ., 2009; К о л ч и н с к и й И. Г., К о р с у н ь А. А., Р о д р и г е с М. Г., Астрономы. Биографический справочник, К., 1977.
ნ. დოლიძე