ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე

ტ. ვაშაკიძე

ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე [8. VI. 1873, სოფ. დიდი გუბი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 26. II. 1937, თბილისი], საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1918), „შაითან-კაპიტნად” წოდებული. დაამთავრა ქუთ. საქალაქო სასწავლებელი (1891) და თბილ. იუნკერთა სასწავლებელი (1895). სამხ. სამსახური დაიწყო დერბენდის 154-ე პოლკში. I მსოფლიო ომში (1914–18) კავკ. ფრონტზე სარიყამიშის ოპერაციის დროს 1914 წ. 22 დეკემბერს (იხ. სარიყამიშის ოპერაცია 1914–15) თავისი ასეულით დაატყვევა ოსმალთა ჯარის მე-9 კორპუსის სარდალი ისჰაკ-ფაშა თავისი შტაბით (მაშინ ეწოდა „შაითან-კაპიტანი”). ამ გმირობისათვის ვ-ს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (1916, პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით), საფრანგეთის პრეზიდენტმა კი გადასცა სამხ. მედალი, რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ. 1918–21 ქართ. არმიაში მეთაურობდა გაგრა-ტუაფსეს მიმართულებით მოქმედ შენაერთებს. 1921–37 მსახურობდა საქართვ. ფინანსთა სახ. კომისარიატში. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის II და წმ. ანას II, წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია თბილისში ვაკის სასაფლაოზე.

ლიტ.: დ ა თ უ ა შ ვ ი ლ ი   დ., სარიყამიშის გმირი ტარასი დავითის ძე ვაშაკიძე, «საისტორიო მოამბე», 1974, [ტ.] 29–30; Г о г и т и д з е М., Грузинский генералитет (1899–1921), К., 2001.

ვ. ჯავრიშვილი