ვაშინგტონია

ვაშინგტონია (Washingtonia), მარაოფოთლებიანი პალმების გვარი. გვარში 2 სახეობაა – ძაფისებრი ვ. (W. filifera) და მძლავრი ვ. (W. robusta). ბუნებრივად იზრდება აშშ-სა (სამხრ.-აღმ. კალიფორნია, დას. არიზონა, კოლორადო) და ჩრდ.-დას. მექსიკაში მდინარეებისა და ნაკადულების ქვიან კალაპოტში, კანიონებსა და ხევებში; ქმნის კორომს. ორივე სახეობა დეკორ. მცენარედ კულტივირებულია საქართვ. შავი ზღვის სანაპიროზე ბაღებსა და პარკებში. საქართვ. ზღვისპირა ზონის (გულრიფში, სოხუმი) ძ ა ფ ი ს ე ბ რ ი  ვ-ის სიმაღლე 30 მ არის. ყვავილობასა და ნაყოფმსხმოიარობას 10–15 წლისა იწყებს. გამოირჩევა გვალვაგამძლეობით, კარგად იზრდება კირიან ნიადაგზე. უძლებს –10ºC ყინვას (ცალკეული ეგზემპლარები – ამაზე დაბალსაც), უფრო მკაცრი ზამთარი კი აზიანებს. მ ძ ლ ა ვ რ ი  ვ. ძაფისებრზე მაღალი და წვრილია, აქვს უფრო კომპაქტური ვარჯი და ნაკლებ ყინვაგამძლეა.