ვაშლოვანი

ვაშლოვანი, ისტორიული მხარე და ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ტაოში (ახლანდ. თურქეთის ტერიტორია). ვ. პირველად იხსენიება თამარის პირველ ისტორიკოსთან, ძეგლში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” (XII–XIII სს.): გუზან (ტაოს ერისთავი) „გამტანელი ტაოსკარისა და ვაშლოვანისა და სხვათა ციხეთა მრავალთა”. ხშირად გვხვდება ჟამთააღმწერელთან XIII ს. მიწურულისა და XIV ს. დასაწყისის ამბებთან დაკავშირებით. ჟამთააღმწერელი წერს: „მაშინ ბექამან (ჯაყელ-ციხიჯვარელი) დაიპყრა... უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი”... ამ კონტექსტში ვ. უკვე მხარის მნიშვნელობით იხსენიება; გვიანდ. წყაროებში (XV–XVIII სს.) ვ., როგორც ცოცხალი ტოპონიმი, აღარ ჩანს. ყველა მონაცემის მიხედვით, ვ. ლოკალიზდება ოლთისისწყლის (ახლანდ. ოლთუჩაი) სათავის მიდამოებში, სადაც მდებარეობს სოფლები ქვემო და ზემო ხნძორქები. „ხნძორქ” ქართ. ვ-ის სომხ. თარგმანია. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) წერს: „თორთომის ციხის ზეით არს ხენძორეთი დაბა დიდი და გზა არზრუმისა”. წყაროებით დასტურდება, რომ XIV ს-იდან ტაოში იწყება ლტოლვილების შემოსვლა მეზობელი სომხ. პროვინციებიდან. ამაზე ცხადად მეტყველებს ტაოს ერთ-ერთ სოფელში გადაწერილი სომხ. ხელნაწერის მინაწერი. მოსული მოსახლეობის მიერ სიტყვასიტყვით თარგმნის შედეგად გაჩნდა ახ., თუმცა ძველთან სემანტიკურად დაკავშირებული „ხნძორქ” (ვაშლოვანი), რაც შეეხება ვახუშტისთან დაცულ ფორმას „ხენძორეთის” გავრცობას „ეთ” სუფიქსით, როგორც ჩანს, ტოპონიმმა ასეთი სახე მიიღო ამ მხარის ხელახალი ქართიზაციის შემდეგ.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი , აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ჯიქია  ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.

ა. თორდია