ვაჩეიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე [12 (24). IV. 1886, ქუთაისი, – 31. VII. 1964, თბილისი], მეცნიერი, იურისტი, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის, სისხლის სამართლისა და სამართლის ისტორიის სპეციალისტი. საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების (1904) შემდეგ ლექციებს ისმენდა პარიზის, ბრიუსელისა და ჟენევის უნ-ტებში. 1912 წარჩინებით დაამთავრა ოდესის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი და მიენიჭა სამართლის კანდიდატის წოდება. 1915-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ოდესის კერძო გიმნაზიაში. 1921 ოდესის სახ. განათლების ინ-ტში ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და აირჩიეს ლექტორად. 1922-იდან ივ. ჯავახიშვილის მოწვევით მოღვაწეობდა თსუ-ში – მონაწილეობდა სოც.-ეკონ. ფაკ-ტის (ეკონ. და იურიდ. განყ-ბების) ჩამოყალიბებაში; კითხულობდა ლექციების კურსს სოციოლოგიაში, სამართ. თეორიაში, სისხლის სამართალსა და სისხლის სამართ. პროცესში. აღსანიშნავია მისი შედარებით-ისტ. გამოკვლევები ძვ. ქართ. სამართალში. 1923 გამოსცა სალექციო კურსი „სოციოლოგიის შესავალი”, რითაც დაიწყო უნ-ტში სოციოლოგიის განვითარების პირველი ეტაპი. 1931–64 იყო თსუ-ის პროფესორი და სისხლის სამართ. კათედრის გამგე. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართ. იურიდ. ტერმინოლოგიის დადგენა-დამუშავებაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: სამართლის ზოგადი თეორია, ტფ., 1926 (გამოც. მე-2, თბ., 2010); ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან, ტ. 1–3, თბ., 1946–63; სისხლის სამართლის პროცესი, ნაწ. 1, თბ., 1955; დანაშაულის სუბიექტური მხარე საბჭოთა სისხლის სამართალში, თბ., 1957; სასჯელი და სოციალური დაცვის ღონისძიებანი, თბ., 1960.