ვაჩნაძე ბალო (აბრამ) გიორგის ძე (2. IX. 1853, სოფ. კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 14. II. 1941, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1914). სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში, დაამთავრა ვორონეჟის სამხ. გიმნაზია. არმიაში მსახურობდა 1872-იდან. მოხალისედ წავიდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. ორჯერ დაიჭრა. ერთ-ერთი შეტაკების დროს ბრძოლის ველიდან გამოიყვანა დაჭრილი ოფიცერი, რისთვისაც დააჯილდოვეს ოქროს იარაღით და ოფიცრის ჩინით, ჩაირიცხა მისი უდიდებულესობის პოლკში. შემდეგ მსახურობდა ქ. ლომჟაში (პოლონეთი) ოფიცრად. 1897–98 მეთაურობდა ბათუმის ციხის ქვეით პოლკს. 1898 პოლკოვნიკის ჩინით თადარიგში გავიდა. 1901 კვლავ სამხ. სამ-სახურში დაბრუნდა და 1906-მდე მეთაურობდა მე-8 ქვეითი დივიზიის მე-2 პოლკს. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომში. 1906–13 წწ. 31-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური იყო. 1908 მიენიჭა გენ.-მ. წოდება. 1913 დაინიშნა პეტერგოფის სამხ. კომენდანტად. 1917 თებ. რევ. შემდეგ ა. კერენსკის თხოვნით დარჩა გარნიზონის უფროსად, აქტ. მონაწილეობა მიიღო პეტერგოფის ქონების გადარჩენაში, ხოლო სამი თვის შემდეგ თავი დაანება სამსახურს და დაბრუნდა საქართველოში. თბილისში, სამხ. სამსახურის პარალელურად ვ. კომერციულ საქმიანობასაც ეწეოდა. 1914 პეტერბურგში დააარსა „რუსული ყურძნის ღვინის გაყიდვის საზოგადოება”, რ-იც ღვინოებს კახეთიდან იღებდა. თბილისში მისი ინიციატივით შეიქმნა ღვინის წარმოების საზ-ბა „იბერია”, რ-იც 1921 გაუქმდა. დაახლოებული იყო რუსეთის საიმპერატორო სახლთან – ვ-ის უფროსი ვაჟი მეფე ნიკოლოზ II-ის ნათლული იყო, უფროსი ქალიშვილი – მეფის დედის მარიამ თედორეს ასულისა. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის I, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
წყარო: Российский Государственный исторический архив в Санкт-Петербурге, фонд 1276, опись 10, дело №734 (Дело кн. А. Г. Вачнадзе).
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., თავად ვაჩნაძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის, კრ.: «სამეცნიერო პარადიგმები», თბ.–ქუთ., 2009; მ ი ს ი ვ ე, Грузины под российским флагом (Грузинские военные и государственные деятели на службе России 1703–1917 гг.), Тб., 2003.
ნ. ჩერქეზიშვილი
ნ. ჯავახიშვილი